“ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, რომ ღია ფინანსებში სხვა ინდუსტრიების წარმომადგენლები, მათ შორის სატელეკომუნიკაციო, სადაზღვევო და საცალო ვაჭრობის სექტორები შემოვიდნენ”, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ BMG TV-სთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ღია ბანკინგიდან ღია ფინანსებზე გადასვლა სებ-ის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ღია ფინანსური ეკოსისტემის შექმნას ითვალისწინებს.
“ღია ბანკინგიდან ღია ფინანსებზე გადასვლა, ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ღია ფინანსური ეკოსისტემის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული სტრატეგია ღია ბანკინგის არსებული სტრუქტურის გაფართოებას გულისხმობს, რომელიც, დღეს, ძირითადად, ფინანსურ ინსტიტუტებს ითვალისწინებს. როგორც იცით, პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო და 1-ლი ნოემბრიდან, ღია ბანკინგის ინფრასტრუქტურას არასაბანკო ინსტიტუტები შემოუერთდნენ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, რომ ღია ფინანსებში შემოვიდნენ სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის სატელეკომუნიკაციო, სადაზღვევო და საცალო ვაჭრობის სექტორები. კიდევ უფრო გრძელვადიანი მიზანია, ღია ფინანსების გავლით, ღია ბანკინგიდან ღია მონაცემების, ანუ ღია ეკონომიკისკენ გადავიდეთ”, - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.
აღსანიშნავია, რომ ღია ფინანსებზე გადასვლით, კომუნიკაცია გამარტივდება არამხოლოდ ქართულ, არამედ ქართულ და უცხოურ სუბიექტებს შორის, რაც ქართულ ფინანსურ ინდუსტრიას კიდევ უფრო მოქნილს ხდის და საერთაშორისო ინფრასტრუქტურაში მეტად აინტეგრირებს. “ღია ფინანსების მიზანია, რომ ინდუსტრიებს შორის საუბარი, ე.წ. “თავსებადობა” იყოს შესაძლებელი. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მიზნად ვისახავთ, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რაც შეიძლება მეტად ინტეგრირდეს გარე სამყაროსთან. როგორც იცით, ბერლინის ჯგუფის პროტოკოლს მივყვებით, რაც ევროკავშირში ყველაზე გავრცელებული და სხვა ქვეყნებთან მეტად თავსებადი სისტემაა. ამგვარად, კარგი სასტარტო პირობები გვაქვს, რომ ღია ბანკინგის ტექნიკური მახასიათებლები ადვილად დავაკავშიროთ ევროკავშირის ტექნიკურ სისტემებს”, - ამბობს ებანოიძე.
ვარლამ ებანოიძის განცხადებით, საქართველოში, ღია ფინანსების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება - მათ შორისაა ღია ბანკინგის საერთაშორისო სისტემების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად, ფინტექზე დაფუძნებული ახალი ინფრასტრუქტურა შეიქმნება.
“მოგეხსენებათ, ღია ბანკინგისთვის ფიზიკური საზღვრები უმნიშვნელოა და აქედან გამომდინარე, ვაკეთებთ ისეთ პროექტებს, როგორიცაა, მაგალითად, ღია ბანკინგის საერთაშორისო სისტემების ინვენტარიზაცია, რაც, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, ფინანსურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ახალ ინფრასტრუქტურას მოგვცემს გადარიცხვებისა და სხვადასხვა ტრანზაქციებისთვის - აღნიშნული მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს პოზიციებს, როგორც საცალო მომხმარებლებისთვის, ასევე მცირე ბიზნესის სუბიექტებისთვის, რადგან ტრანზაქციები გაიაფდება და სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები გაიოლდება”, - აღნიშნავს ვარლამ ებანოიძე.
ცნობისთვის: ღია ბანკინგი ფინანსური პრინციპებისა და გადაწყვეტების ერთობლიობაა, რომელიც ჯანსაღი, კონკურენტული და უსაფრთხო ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. ღია ბანკინგის პრინციპებზე თანხმობის შემთხვევაში, სტრუქტურაში ჩართულ მხარეებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიმოცვლა შეუძლიათ, რაც აუმჯობესებს არამხოლოდ კომუნიკაციას, არამედ შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხს.