მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს თურქეთთან სატრანზიტო გადაზიდვებზე მიღწეული შეთანხმება?

62722c3619e31
მარიამ ვარადაშვილი
04.05.22 21:31
3649
საქართველო თურქეთთან სატვირთო გადაზიდვების დამატებითი ნებართვის გამოყოფაზე შეთანხმდა. საუბარია საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე, რის საფუძველზეც ქართველი გადამზიდველებისთვის თურქული ნებართვები დამატებით გამოიყოფა.

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ შეთანხმება გულისხმობს ცარიელი შესვლის/ტვირთით დაბრუნების (სპეციალური) ნებართვების რაოდენობის ზრდას 33%-ით, ხოლო მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან - 20%-ით.

“საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველო და თურქეთი შესაბამისი კვოტის ფარგლებში ცვლიან შემდეგი სახის ნებართვებს: მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან, ცარიელი შესვლის/ტვირთით დაბრუნების(სპეციალური), ორმხრივი (დატვირთული შესვლა)/ტრანზიტული და ცარიელი შესვლა პორტში დატვირთვის უფლებით. გადამზიდველი კომპანიების მხრიდან თურქეთის მიმართულებით ტვირთზიდვის ნებართვებზე მოთხოვნა დამოკიდებულია ნებართვის სახეობაზე. დიდი მოთხოვნაა თურქეთში ცარიელი შესვლის/ტვირთით დაბრუნების (სპეციალურ) ერთჯერად ნებართვაზე, რაც გამოწვეულია საქართველოდან თურქეთში საექსპორტო ტვირთის ნაკლებობით და რის გამოც მათი შეზღუდული რაოდენობა სწრაფად იწურება. ასევე, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა თურქეთის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ნებართვაზე, რისი საშუალებითაც გადამზიდველებს შეუძლიათ თურქეთიდან ტვირთი წაიღონ სხვა მესამე ქვეყანაში.

ვინაიდან თურქეთის მხარე იცავს საკუთარ ბაზარს და ცდილობს საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თურქეთიდან საქონლის ექსპორტზე ძირითადად თავისი გადამზიდველები დაასაქმოს, იგი საქართველოს მხარეს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან და ცარიელის შესვლის/ტვირთით დაბრუნების (სპეციალურ) ერთჯერად ნებართვებს შეზღუდული რაოდენობით აწოდებს, რაც პერიოდულად ქმნის მის დეფიციტს. აღნიშნული სახის ნებართვების რაციონალურად განაწილების მიზნით, სააგენტო მათ, როგორც წესი, გასცემს იმ გადამზიდველებზე, რომლებმაც წლის განმავლობაში უკვე გამოიყენეს ადრე წაღებული იმავე სახის ნებართვა. რაც შეეხება ორმხრივ (დატვირთული შესვლა) ტრანზიტულ ნებართვებს, ისინი ქართულ მხარეს საკმარისზე მეტი გააჩნია.

თურქეთი საქართველოსათვის საერთაშორისო ვაჭრობაში და შესაბამისად საავტომობილო გადაზიდვებში წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პარტნიორ ქვეყანას. როგორც ზემოთ ვახსენეთ საქართველოს მხრიდან ცარიელი შესვლის/ტვირთით დაბრუნების (სპეციალური) და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ნებართვაზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, შესაბამისად ამ სახის ნებართვების კვოტის გაზრდაზე ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით”,-უთხრეს BMG-ის სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები