მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ არის მზად ელექტროსადგურების ნაწილი ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად?

61a6486a00a19
დავით ჯალაღონია
30.11.21 20:11
647
საქართველოში, განახლებად ენერგიებზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყების გადავადებას ემხრობიან.

როგორც ისინი BMG-სთან საუბრისას განმარტავენ, მათ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვთ. მაგალითად, ელექტროსადგურების მფლობელებს აინტერესებთ, დაახლოებით რა ფასად გაყიდიან ბირჟაზე ელექტროენერგიას, ასევე რიგ შემთხვევაში რთულია მათთვის პროგნოზის გაკეთება, რა მოცულობის გენერაცია ექნება ამა თუ იმ სადგურს.

"ჩვენ ვფიქრობთ, კარგი და სწორია, რომ ბირჟის გადავადება მოხდა, რადგან არის საკითხები, რაზეც სამუშაოა და ჩვენი ასოციაცია და ზოგადად, გენერაციის ობიექტები, ბირჟასთან და სხვა უწყებებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც ბირჟაზე არიან ჩართულები, თუმცა ახლა უფრო მსხვილი მომხმარებლის კუთხიდან უფრო არის პრობლემები, ვისთვისაც ეს არ არის მთავარი ბიზნესი. შესაბამისად, მათი ჩართულობა არ იყო ისეთი დიდი და ახლა მათგან წამოვიდა ბევრი შეკითხვა, ანალიზი, იგივე უბალანსობასთან მიმართებით. ვფიქრობ, რომ ზოგადად, იანვარიც ისეთი თვეა, როცა ჩვენი დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე პიკს აღწევს და ალბათ არასწორი ვადა იყო და მარტი უკეთესია, როცა ჯერ კიდევ წყალმცირობაა და შემდეგ გენერაციაც იზრდება. თარიღი კარგად იქნა შერჩეული", - მიიჩნევს საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი.

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებით კითხვების დიდი ნაწილი ისეთი ობიექტების დეველოპერებს აქვთ, როგორიც მზის ელექტროსადგურებია.

"ბირჟაზე როგორ ივაჭრებს მზის ელექტროსადგური, ეს ამ ეტაპისთვის ბუნდოვანია, იმიტომ რომ წინასწარ ძალიან რთულია გავაკეთოთ გენერაციის პროგნოზირება - ანუ რა ექნება მზის სადგურს გენერაცია, თუნდაც ხვალ. აქედან გამომდინარე, ეს არის რთული ამ ეტაპისთვის. მეორე, ყველას რაც აწუხებს, არ ვიცით რა ტარიფი იქნება შესასყიდი ბაზარზე მიმწოდებლების მიერ, შესაბამისად, ინვესტორები ამ ეტაპისთვის ვერ ინტერესდებიან.

გარდა ამისა, არის ტექნიკური პრობლემაც - მზის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება. ანუ ეს არის ცვალებადი გენერაცია და ქსელი ამისთვის მზად უნდა იყოს. რიგ ადგილებში ასეთი მიერთება თითქმის შეუძლებელია, რადგან ქსელი არ არის შესაბამის მდგომარეობაში. ამიტომ ამ კუთხითაც გამოწვევების წინაშე ვართ", - განმარტა "ჰელიოს ენერჯის" დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა 2022 წლის იანვრის ნაცვლად, მარტში დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები