მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ დაინტერესდა ბიზნესი “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებით?

613f808904a77
ანუკა ჯოხაძე
13.09.21 22:40
1210
"ხრუშჩოვკებისა” და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას თავად მერია განახორციელებს – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ბიზნესი აღნიშნული პროექტებით არ დაინტერესდა.

როგორც კალაძე ამბობს, იმის გამო რომ ბიზნესისგან აღნიშნულ პროექტთან მიმართებით ინტერესი არ არის, პროექტს თავად მერია განახორციელებს. კალაძის განმარტებით, თბილისში ავარიული ხუთსართულიანი სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება.

რატომ არ ინტერესდება ბიზნესი პროექტით, რომელიც ყველა მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებაა და რა შემთხვევაში იქნებოდა მათთვის საინტერესო მსგავსს პროექტში მონაწილეობა? ეს კითხვები BM.GE-იმ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს ირაკლი როსტომაშვილს დაუსვა, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ბიზნესს არ უღირს.

“ბიზნესი რომ დაინტერესდეს ავარიული შენობების ჩანაცვლებით, პირობა უნდა იყოს ასეთი. თუ არის 5-სართულიანი "ხრუშჩოვკა", იქ ბიზნესმა იმდენი გასაყიდი ბინა უნდა ააშენოს, რომ დააკმაყოფილოს არსებული მაცხოვრებლები და გაყიდვებიდან შემოსავალმა დაფაროს ხარჯები. შესაბამისი რენტაბელობა უნდა იყოს დაცული. ვაჟა-ფშაველას გამზირი მეტნაკლებად ახლოსაა, მაგრამ ვარკეთილში, სამგორსა და ნავთლუღში ბინების ფასები იმდენად დაბალია, რომ ეს კოეფიციენტს ზრდის. პირობითად, თუ არის 5- სართულიანი, უნდა აშენდეს 20 სართულიანი, რაც სიმჭიდროვეს ზრდის", - აცხადებს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები