მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის კადრების გადინება შესაძლებლობა და როგორი უნდა იყოს კარგი ლიდერი?

641c4f8117bdc
თელარა გელანტია
23.03.23 23:55
1298
კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანია ACT-ის დამფუძნებლის თინათინ რუხაძის აზრით, კომპანიებიდან და ზოგადად, ქვეყნიდან კადრების გადინება გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და დასძინა, რომ გამოწვევისთვის ყველაზე ლოგიკური პასუხი, პირველ რიგში, რეალობის მიღებაა.

"კადრების გადინება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური გამოწვევაა. მოგვწონს თუ - არა, მოვიდა დრო, როდესაც ადამიანური კაპიტალი უფრო მობილური გახდა და თუ მივიღებთ ამ რეალობას, შემდეგ უკვე გამოსავალიც გამოჩნდება და შეიძლება, ამ პროცესს შევხედოთ, როგორც შედსაძლებლობას. დიახ, ერთი მხრივ, ესაა გამოწვევა, რომელმაც უნდა დაგვაფიქროს - რა შევცვალოთ ორგანიზაციაში, როგორ გავხადოთ ჩვენი კომპანია მიმზიდველი, როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლების ლოიალობა, როგორ შევუქმნათ მათ ისეთი სამუშაო პროცესი, რომ ნებისმიერი წერტილიდან შეეძლოთ მუშაობა და ა.შ. და მეორე მხრივ, კადრების გადინებას, უნდა შევხედოთ როგორც შესაძლებლობას - მაგალითად, ადამიანური კაპიტალის მობილობის გამო, ისეთი მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც ადრე ჩვენთვის მიუწვდომელი იყო, რადგან მთელი დღით თავის ძირითად სამსახურში იყო დაკავებული, დღეს უკვე ფრილანსერია, სადღაც რომელითაც სანაპიროდან მუშაობს 4-5 საათი და შეუძლია, ჩვენთვისაც იმუშაოს 1-2 საათი. ამდენად, ეს გამოწვევა შესაძლებლობაც არის, რომ შენი ორგანიზაციისთვის მოიზიდო ისეთი კომპეტენციის ადამიანები, როგორსაც შენს ქვეყანაში ვერ იპოვიდი“, - ამბობს თინათინ რუხაძე.

BMGTV-ს ეთერში ACT-ს დამფუძნებელმა კარგი ლიდერის ძირითადად თვისებებზეც ისაუბრა. თინათინ რუხაძის აზრით, ყველაზე მთავარია, ლიდერი გუნდის ინსპირაციის წყარო იყოს.

„ძალიან ხშირად მენეჯერებს, ლიდერებს ჰგონიათ, კარგი ლიდერობა ნიშნავს იმას, რომ ყველაზე კარგად აკეთო რაღაც. ჩემი აზრით კი, კარგმა ლიდერმა ინსპირაცია უნდა მისცეს გუნდს, რომ რაღაც საუკეთესო შექმნას. ლიდერობა ნიშნავს გუნდთან ურთიერთობას და მათ მხარდაჭერას. ხშირად ლიდერებს ჰგონიათ, რომ ბევრი საქმე აქვთ და კომუნიკაციისთვის ვერ იცლიან, მაგრამ ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება ლიდერმა გააკეთოს, ეს არის თანამშრომლებთან კავშირი და შემდეგ, ეს ადამიანები იმ საქმეს გადასარევად გააკეთებენ“, - თქვა თინათინ რუხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები