მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაჯარიმდნენ საწვავის ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიები?

საწვავი

დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც 5 უმსხვილესი კომპანია დაჯარიმდა. სააგენტოს თანახმად, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი აქვთ დარღვეული. 

მოკვლევა ერთ წლის წინ 2022 წლის 16 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო. საუბარია 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებაზე. 

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ჯარიმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ (ს/ნ 204976302) - 450 590 ლარი;
სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 202161098) - 693 576 ლარი;
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 404391136) - 1 073 859 ლარი;
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ (ს/ნ 202352514) - 718 986 ლარი;
შპს „რომპეტროლ საქართველოს“ (ს/ნ 204493002) - 987 886 ლარი;

ვინაიდან მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში სააგენტომ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღო, ჯარიმის განსაზღვრა განხორციელდა შესაბამისი ეკონომიკური აგენტების 2022 წლის წლიური ბრუნვების გათვალისწინებით. კანონმდებლობით, ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი, შესაძლოა შეადგენდეს კომპანიების წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-ს.

სააგენტოს მიერ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ჯარიმის პროცენტული მაჩვენებელი კონფიდენციალურია.

კონკურენციის სააგენტოს თანახმად, მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საავტომობილო საწვავის ბაზარი, მოკვლევის პერიოდისათვის, ხასიათდებოდა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან განსახილველ პროდუქტზე იდენტური ფასწარმოქმნით, რის გამოც ერთმანეთის მიმართ ადგილი არ ჰქონია ფასისმიერ კონკურენციას.

"აღნიშნულის შედეგად ზიანი მიადგა როგორც შესაბამის ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, ასევე საბოლოო მომხმარებელს. სამომხმარებლო ზიანი გამოიხატა იმაში, რომ ფაქტობრივად გაიაფებული პროდუქტის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, კომპანიათა ამგვარი ქმედებების შედეგად, მომხმარებლებს უწევდათ დაუსაბუთებლად და არსებითად გაძვირებული ფასის გადახდა",- წერია სააგენტოს ანგარიშში.

საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიების მიერ კონკურენციის კანონის დარღვევის ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია ისიც, რომ გამოსაკვლევი პერიოდის განმავლობაში შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლებს შორის ხორციელდებოდა აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები