საქართველოში რძის პროდუქტები რეკორდულად გაძვირდა. ფასები გაიზარდა ყველზე, რძესა და რძის პროდუქტებზე. ოფიციალური სტატისტიკით, აგვისტოში წლიურად რძის ღირებულება 19.5%-ით გაიზარდა. იმერული ყველის ფასი 23.6%-ით, მაწონი 22%-ით, ხაჭო და არაჟანი კი, 20% და 13%-ით გაძვირდა.
საკითხზე „საქმის კურსის“ ეთერში დღეს "შირაქის" დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ ისაუბრა. ის იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ბენიაიძის თქმით, რძის პროდუქტების ფასის მომატება გამოიწვია.
„ზოგადად, ყოველ წელს, შემოდგომაზე ფასები იზრდება და ეს ძირითადად ამ დროისთვის დამატებითი საკვების მიწოდებას უკავშირდება. მაგრამ, მიმდინარე წელს, წინა წლებთან შედარებით ფასები მაინც განსაკუთრებით არის გაზრდილი, რადგან არსებობს ბევრი სხვადასხვა მიზეზი. მაგალითისთვის, ყველი მზადდება ნედლი რძისგან, თავის მხრივ, რძის მწარმოებლები რძეს იბარებენ ფერმერებისგან. ზაფხულში, 3 თვე კახეთსა და ქვემო ქართლში იყო გვალვები, არ იყო ბალახი, შესაბამისად, შემცირდა ნედლი რძის ოდენობა. რძის წარმოება ძალიან არის შემცირებული.
ფერმერებს ძალიან გაუძვირდათ საქონლის კვება. ამასთან, ყოველწლიურად, მეწველი ძროხის რაოდენობა იკლებს. ინდუსტრიული ფერმებიც არ იზრდება და ფერმები არ იხსნება ქვეყანაში. თავად პროდუქტი არის დეფიციტური. ფერმერები ვერ იღებენ სათანადო რაოდენობის თანხას იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქმიანობა გახდეს რენტაბელური და მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ საქმიანობაში.
გარდა ამისა, გაძვირდა მუშახელი, ტექნიკის მომსახურება, საწვავი... ამ პერიოდიდან იწყება დამატებითი კვების მიწოდება და ფერმერებს კიდევ უფრო უძვირდებათ ნედლი რძის მოყვანა“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაძემ.