მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იყო აუცილებელი ამ კანონის ინიცირებით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა? - ყიფიანი აგენტების კანონპროექტებზე

640eda5a0166e
BM.GE
13.03.23 12:13
5700
იურიდიული ფირმა MKD Law-ის პარტნიორმა, ვიქტორ ყიფიანმა აგენტების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით რადიო "იმედის" ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში პოლიტიკა იქცა პოლიტიკად “ძალაუფლებისთვის”, რამაც ქვეყნის განვითარების ამოცანები გადაფარა.

„ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამ პროცესის წამოწყებას ასეთი ოფიციალური, მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ჩვენ ამაზე ხომ ვიღებდით არაერთ განცხადებას? ყოველ შემთხვევაში, იმ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან, რომელთა მიმართულებით სვლა ჩვენი ოფიციალური, დეკლარირებული არჩევანია.

სამწუხაროდ, ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისათვის. ძალაუფლებისათვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ამოცანები და პრიორიტეტები”, - თქვა ყიფიანმა.

თავად კანონპროექტების შინაარსთან დაკავშირებით კი ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ისინი მიღების შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს “არანაირ განსაკუთრებულ ზიანს არ მოუტანდა”, თუმცა მათი მიღება არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

“კანონპროექტი თავისი სამართლებრივი შინაარსით არის საკმაოდ უმტკივნეულო, არაერთგზის ითქვა, რომ არანაირ განსაკუთრებულ ზიანს არასამთავრობო სექტორს არ მიაყენებდა - არც საქმიანობის შეზღუდვაზე არ იყო საუბარი და არც სხვა შეზღუდვებზე. უკეთ იყო ასახსნელი კონტექსტი... თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ კანონპროექტს მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მაშასადამე, სამუშაო უნდა წარმართულიყო ორივე მიმართულებით [ქვეყნის შიგნით და გარეთ]. სამართლებრივი ტექნიკის, სამართლებრივი შინაარსის კუთხით კანონი არის აბსოლუტურად უვნებელი, ის არანაირ განსაკუთრებულ ზიანს არ უკავშირდება, მაშინ მით უმეტეს მინდა დავსვა ასეთი რიტორიკული კითხვა - მაშინ, რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება, თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი, ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა? მით უმეტეს რატომ იყო აუცილებელი ამ კანონის ინიცირებით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?,”- განაცხადა ყიფიანმა.

ვიქტორ ყიფიანის იურიდიული ფირმის ერთ-ერთ კლიენტს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს. ყიფიანი მის უფლებებს Credit Suisse-სთან მიმდინარე დავებში იცავს.

შეგახსენებთ, პარასკევს პარლამენტმა აგენტების კანონპროექტები ჩააგდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები