მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მიდიან საქართველოდან? - ბიზნესლიდერის მოსაზრება

63285caa1710d
ინგა მურუსიძე
20.09.22 00:40
1157
არასწორი განათლების სისტემა, უპერსპექტივობა, არა საკმარისი შემოსავალი, დაბალი ეკონომიკური ზრდა, - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რასაც ბიზნესსექტორი ქვეყნიდან კადრების გადინების ძირითად მიზეზებად ასახელებს.

FORBES TALK - ში სტუმრობისას სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კადრების დეფიციტი მათ შორის მემანქანე და შემდუღებლის სპეციალობებშიც აქვთ.

„ქვეყანას ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა ტოვებს. მათი უმეტესობა სხვა და სხვა დარგშია კვალიფიციური. მაშინ, როცა კომპანიები პანდემიის დროს თვითგადარჩენის რეჟიმში ვიყავით არ გვეცალა თანამშრომლების მოტივაციაზე გვეფიქრა. ასევე, არ გვაქვს სათანადო ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, ბიზნესი მოკლებულია შესაძლებლობას, თამამად გაიმეტოს თანხები თანამშრომლების მოტივაციის სქემისთვის. კადრების ჩანაცვლების პრობლემაა. ამას თავის მხრივ, ხელს განათლების სისტემა არ უწყობს“, - განაცხადა „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა.

მისი მოსაზრებით, დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ მთავარი საზრუნავი ადამიანური კაპიტალია:"ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, თუმცა სახელმწიფომ უნდა გააჩინოს შესაძლებლობები, უნდა მოიხსნას პოლიტიკური დაძაბულობა, რასაც გადაწყვეტილების მიმღებები ამას გაურბიან“.

თავის მხრივ, Bemoni-ს მმართველი პარტნიორი, გიორგი მირცხულავა კადრების გადინების ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიზეზად უპერსპექტივობას ასახელებს.

„კადრებს, ვისაც ვესაუბრებით, ვინც წავიდა და ვინც აწი აპირებს, ამბობენ, რომ წასვლის ძირითადი მიზეზი უპერსპექტივობაა. ადამიანები ფიქრობენ, რომ საზღვარგარეთ წავლენ და იქ გაცილებით სწრაფად, მეტს იშოვიან. თუ არ მივეცით ამ ხალხს პერსპექტივა, ნელ-ნელა ქვეყანა კადრებისგან დაიცლება“, - თქვა გიორგი მირცხულავამ.

Nodia, Urumashvili & Partners მმართველი პარტნიორი ლაშა ნოდია კი ამბობს, სახელმწიფომ ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია იმის შესახებ უნდა მისცეს, თუ პროფესიული განათლება, როგორი მნიშვნელოვანია. მისი მოსაზრებით, არ არის აუცილებელი ყველა იურისტი ან ეკონომისტი იყოს.

„განათლება სერიოზული პრობლემაა. სკოლა შესაბამის განათლებას ახალგაზრდებს არ აძლევს. 25 წლის ასაკში კი უკვე გვიანია გადაწყვიტო, თუ რომელი პროფესია უნდა აირჩიო. ამ ყველაფერს მოსდევს უკვე ის მომენტიც, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადამიანი არ მაგრდება ქვეყანაში, იძულებული ხდება გავიდეს გარეთ და როგორც არაპროფესიონალმა მეტი სარგებელი მიიღოს, ვიდრე იგივე ცოდნით ჩვენს ქვეყანაში.

ვფიქრობთ, რომ რაღაცა ნაკადი დავკარგეთ. დღეს ჩვენს შვილებს მაინც უნდა მივცეთ შესაძლებლობა პროფესია სწორად აირჩიონ. მნიშვნელოვანია პერსპექტივის ნაწილიც და ახალგაზრდებს უნდა დავანახოთ სისტემამ, ბიზნესმა, სახელმწიფომ ერთობლივად, რომ არ არის აუცილებელი, ყველა გახდეს იურისტი ან ეკონომისტი. საზოგადოებაში არ არის ცოდნა დაგროვილი იმის შესახებ, თუ რა შემოსავალი შეიძლება ჰქონდეს მემანქანეს და ა.შ. ვფიქრობ, განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი“, - ამბობს ნოდია.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები