მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეგულაციებზე 30-მდე შენიშვნა გვქონდა, სებ-მა 4 დააკმაყოფილა" - MBC-ის დამფუძნებელი მიკრობანკების რეგულაციებზე

პეტრიაშვილი

სამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელსაც მიკრობანკად გარდაქმნა სურს, ლიცენზიის მოსაპოვებლად ეროვნულ ბანკში განაცხადი ჯერჯერობით არ შეუტანია. ლიცენზიის მოსაპოვებლად განაცხადის მიღება პირველ ივლისს დაიწყო. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” დამფუძნებლის განცხადებით, მათ დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ რეგულაციებსა და ლიცენზიის მიღების პროცესებს გაეცნონ. გია პეტრიაშვილის თქმით, ორგანიზაცია მარეგულირებელს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მიმართავს. 

“რეგულაციების დიდი ნაწილი პირველ ივლისს გამოქვეყნდა, ამიტომ გარკვეული დრო გვჭირდება რეგულაციებთან გასაცნობად. გარდა ამისა, პირველ ივლისს გამოქვეყნდა ლიცენზირების წესიც, რაც მანამდე  ცნობილი არ იყო. აქედან გამომდინარე, მოსამზადებელ პერიოდში ვართ. საკმაოდ ბევრი დოკუმენტია წასაკითხი, მოსამზადებელი, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს და ვფიქრობთ, შემოდგომაზე მივმართავთ ეროვნულ ბანკს”, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა. 

რაც შეეხება რეგულაციებს. როგორც გია პეტრიაშვილი აღნიშნავს, მათ ეროვნულმა ბანკმა რეგულაციების გასაცნობად სამ კვირამდე ვადა მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებისთვის, მისი თქმით, აღნიშნული ვადა არასაკმარისი იყო, მიკრობანკად გარდაქმნის მსურველმა სამმა ორგანიზაცია მარეგულირებელს 30-მდე შენიშვნა გაუგზავნა, საიდანაც სებ-მა მხოლოდ ოთხი გაითვალისწინა. 

“საშუალება გვქონდა, რეგულაციებს პროექტის დონეზე გავცნობოდით, მაგრამ ეს დრო საკმარისი არ იყო. ძალიან ბევრია წასაკითხი, რისთვისაც 2-3 კვირა გვქონდა. მიუხედავად ამისა,  30-ზე მეტი შენიშვნა მივაწოდეთ, 4 გაითვალისწინეს, დანარჩენებზე, ალბათ, გაგრძელდება კონსულტაციები. თავისთავად, რეგულაციები ნამდვილად არ არის მარტივი, ის ძალიან დაახლოებულია, პრაქტიკულად გაიგივებულია საბანკო რეგულაციებთან, თუმცა მიკრობანკების უფლებები შეზღუდულია ბანკებთან მიმართებით. ამაზე შენიშვნები გვქონდა, მიგვაჩნდა, რომ რეგულაციების ნაწილი შეიძლებოდა შერბილებულიყო. ვფიქრობ, ამ საკითხზეც სებ-თან კონსულტაციები გაგრძელდება”,- განაცხადა გია პეტრიაშვილმა. 

BMG-ის კითხვაზე, კონკრეტულად რომელ რეგულაციებზე აქვს ბიზნესს შენიშვნები და რა არ გაითვალისწინა ეროვნულმა ბანკმა, პასუხობს: 

“ეს ეხება კოეფიციენტებს, რეპორტების გაგზავნის ვადებს, კორპორაციული მართვის პრინციპებს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი შემიძლია გითხრათ: ბანკებს, ისევე როგორც მიკრობანკებს, სამეთვალყურეო საბჭოში გენდერული ბალანსის დაცვა მოეთხოვებათ. თუმცა, ბანკებს ამაზე გარკვეული პერიოდი აქვთ გათვალისწინებული, 2025 წლამდე. მიკრობანკების რეგულაციაში წავიკითხეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო მყისიერად დაკმაყოფილებული ლიცენზიის მოპოვების მომენტში. მოვითხოვეთ, რომ ამ კუთხით ბანკებთან თანაბარ პირობებში ვყოფილიყავით. ამაზე მივიღეთ თანხმობა”, - აღნიშნა გია პეტრიაშვილმა. 

2024 წელს საქართველოში მიკრობანკები უნდა გაჩნდეს. მიკრობანკის ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან) შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია.

ამ კანონის მიზნებისთვის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სესხების დაფარვის წყაროდ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ ეს შემოსავალი მსესხებლის ჯამური შემოსავლის 50 პროცენტზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები