მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რესპირატორი": პირბადეების შეკვეთის რიგში "ავერსი" და "პე ეს პე" არიან

5ea6d99533d00
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.20 17:30
2590
კომაპნია "რესპირატორი", რომელიც მექანიზირებული წესით, საქართველოში პირბადეების პირველი მწარმოებელია, პირბადეებს "ფონდ ქართუს" შემდეგ, "ავერსისა" და "პე ეს პე"-ს სააფთიაქო ქსელებისთვის დაამზადებს.

როგორც BM.GE-ს "რესპირატორის" დირექტორმა სერგო გალუსტიანმა უთხრა, "ქართუს" შეკვეთას კომპანია დაახლოებით 15 დღეში დაასრულებს, თუმცა ფონდმა შესაძლოა, შეკვეთა გაზარდოს. ამის შემდეგ კი მოხდება სხვა დამკვეთებისთვის პირბადეების წარმოება.

"მეორე დანადგარის ტრანსპორტირება შეფერხდა, ამიტომ 20 აპრილის მაგივრად, მას ჩვენ დღეს მივიღებთ, გავმართავთ და ვფიქრობთ, რომ 15 დღეში "ქართუ ფონდის" შეკვეთას 4 მლნ ცალ პირბადეზე დავასრულებთ, თუმცა არ ვიცით შეიძლება ფონდმა დამატებითი შეკვეთაც მოგვცეს და ჩვენი თანამშრომელობა გაგრძელდეს.

შეკვეთებთან დაკავშირებით გვაქვს ნედლეულის პრობლემები, რომლებიც მთელ მსოფლიოში არსებობს. სანამ დავასრულებთ "ქართუს" შეკვეთას, ნელ-ნელა მოვიძიებთ ნედლეულსაც და შევძლებთ, რომ ახალი შეკვეთებიც მივიღოთ.

პირბადეებზე მოთხოვნა კომპანიების მხრიდან არის, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ვასრულებთ. მაგალითისთვის, "ავერსი" და "პე ეს პე" რიგში არიან, მათთან მოლაპარაკებები დაწყებულია. კონკრეტულ რაოდენობაზე შეთანხმება ახალ დამკვეთებთან ჯერ არ მიგვიღწევია. დაახლოებით 300 000 ცალ პირბადეზე იქნება საუბარი, დღეში. ისინი მზად არიან ჩვენი პირბადეები თავის ქსელში 1 თეთრიანი ფასნამატით გაყიდონ.

რაც შეეხება ჩვენს სარეალიზაციო ფასს, ამას ჯერ ვერ ვამბობთ, რადგან ეს დამოკიდებულია ნედლეულის ფასზე, რომელიც დღითიდღე მზარდი მოთხოვნის პარალელურად იზრდება. 10 დღეში უნდა შევისყიდოთ ახალი ნედლეული და ამისთვის არხები უკვე მოძიებული გვაქვს, მათ შორისაა გერმანია და თურქეთი", - უთხრა BM.GE-ს სერგო გალუსტიანმა.

"რესპირატორის" მფლობელმა წამოების პროცესის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად ნედლეულის დეფიციტთან ერთად, საერთაშორისო გადაზიდვები დაასახელა და თქვა, რომ სწორედ ამ პრობლემის გამო დაგვიანდა მეორე დანადგარის ჩამოტანა საქართველოში, რომელსაც კომპანია ერთი კვირის დაგვიანებით მიიღებს დღეს.

"ტრანსპორტირება როგორც საჰაერო გზით, ასევე სახმელეთო გზით ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გამომგზავნ ქვეყნებშივე იჭედება ტვირთები და ვერ ხერხდება დროული ჩამოტანა. ხშირ შემთხვევაში, რიგი ქვეყნების სატვირთოს მძღოლებს არ ატარებენ და ეს კიდევ ახანგრძლივებს ტრასპორტირებას", - ამბობს სერგო გალუსტიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები