მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესომბუდსმენი და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები სესხის გამცემ სუბიექტებს, მათ შორის ვალტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებს შეხვდებინ. განხილვის თემა იქნება მათ შორის სავალუტო ობიექტების გახსნის ვადები და ის სტანდარტები, რაც ბიზნესმა ოპერირების განახლების შემთხვევაში უნდა დააკმაყოფილოს.
როდის გაიხსნება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები, სადაც ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით ვალუტის გადაცვლა კურსთაშორის დაბალი სხვაობის გამო გაცილებით ხელსაყრელია მომხმარებლისთვის, ამ ინფორმაციის გადამოწმებისთვის bm.ge-მ შესაბამის ასოციაციას მიმართა.
"როგორც მოგეხსენებათ, საჭიროა, რეგისტრაცია იმისთვის, რომ აღადგინო ეკონომიკური საქმიანობა. ყველას გვაქვს ეს პროცედურა გავლილი და გვაქვს მათი მხრიდან დოკუმენტი, რომ ვაკმაყოფილებთ ყველა სტანდრატს, მაგრამ დღემდე ვართ ისე, როგორც ვართ“, - განგვიცხადა სავალუტო ჯიხურების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ გრიგალაშვილმა.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ასოციაციას ობიექტების გახსნის ზუსტი დროის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ კიდევ არ მიუღია, თუმცა კულუარულად იციან, რომ შესაძლოა, გახსნის უფლება 25 მაისიდან ანუ ორშაბათიდან მიიღონ.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 31 მარტიდან დაიხურა, თუმცა იგივე ოპერაციები დღემდე შეუფერხებლად სრულდება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. მთავარი კითხვაც სწორედ აქ ჩნდება. ბიზნესისთვის გაურკევევლია, რატომ მიიღო მთავრობამ ჯიხურების დახურვის გადაწყვეტილება მაშინ, როცა მათ მომხმარებელთან უშუალოდ პირდაპირი კომუნიკაცია არ აქვთ.
"მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკები და ჩვენ იგივე ოპერაციებს ვაკეთებთ. რამდენიმე მაინც მუშაობს; რადგან მოთხოვნაა, იქ დადგა რიგები და ხალხის თავშეყრა მეტად ხდება, ჩვენ კი გაჩერებული ვართ და სახლში ვსხედვართ. პირველ რიგში, უნდა დაევალებინათ ფულის დეზინფექცია. ჩვენთან, შიდა სივრცეში ადამიანი სხვა ადამიანთან ვერ ხვდებოდა. არის ბრონირებული შუშები და შემოსვლითაც თითო ადამიანი შემოდიოდა. დანარჩენ მოთხოვნებს ჩვენ დავიცავდით; ხსნარებით დავუშავებდით ფულს, რაც შემოვიდოდა და გასვლის დროსაც ბრუნვაში რომ გავიდოდა, იქნებოდა დეზინფექცირებული“, - გვითხრა შპს დიკა1-ის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭიჭინაძემ.
ოფიციალური გაიდლაინი, თუ რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ სავალუტო ჯიხურებს, ჯერ ცნობილი არ არის. უცნობია ისიც, მოუწევთ თუ არა ბიზნეს სუბიექტებს ფულის სავალდებულო დეზინფექცია, რომელიც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ მიიჩნევა.
„ფული არ ბრუნავს მაღაზიებში?! ჩნდება შეკითხვა. ფული არ ბრუნავს ბანკებში?! ფული არ ბრუნავს ბაზარში?! ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობაში ბრუნავს ფული, როგორც არ უნდა შეზღუდო ის. არაა ისე, რომ კონკრეტულად ყოველ კუპიურას უკეთდებოდეს დეზინფექცია. ჯერჯერობით, რომ ვინმეს ეცნობებინა, რომ ეს იყო საჭირო, არ ყოფილა. თუ გვეცნობება, ჩვენ აუცილებლად გაგვიჩნდება ადეკვატური შეკითხვა, თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ვთქვათ ეს მხოლოდ ჩვენ და არ უნდა გააკეთოს მთლიანად ქვეყანამ და მთლიანად ყველა ბიზნეს ოპერატორმა“, - აცხადებს ვახტანგ გრიგალაშვილი.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის მიხედვით, ყველანაირი საფინანსო მომსახურების განახლება მე-4 ეტაპზე, 8 ივნისიდან იქნება ნებადართული, თუმცა სავალუტო პუნქტებს მოლოდინი აქვთ, რომ ეს ვადა გადმოიწევს. ეროვნულ ბანკში გახსნის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა როგორ ბიზნესისგან გვაქვს ინფორმაცია, ამ თემის განხილვა დღეს არის დაგეგმილი. სავალუტო ჯიხურების წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიაში დაიბარეს. შეხვედრას ეროვნული ბანკის წარმომადგებლებიც დაესწრებიან.
განახლება: bm.ge-ის ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სავალუტო ჯიხურების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს არაა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა სავარაუდოდ, ხვალ და თან ონლაინ-ფორმატში შედგება. კონკრეტულ დროს ჯერ არ ასახელებენ.