ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 395.1 მლნ აშშ დოლარი მიიღო.
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლები 31%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდს 16%-ით აღემატება. კერძოდ, 2019 წლის ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 340 მლნ აშშ დოლარი იყო.
ამასთან, მიმდინარე წლის ექვს თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2019 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს, მაშინ ტურიზმის ჯამური შემოსავალი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ანუ 400 მლნ დოლარით ნაკლები 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2.5 მლნ საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო 21%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე. შესაბამისად პანდემიამდე პერიოდთან შედარებით აღდგენა 78.3%-ია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით თურქეთი ლიდერობს, საიდანაც 582 527 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 122%-ს აღემატება, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 16.6%-ია. მეორე ადგილზეა რუსეთი, საიდანაც 577 632 ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 134%-ს შეადგენს, თუმცა 16.5%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. მესამე ადგილს 397 116 ვიზიტით სომხეთი იკავებს, ზრდა 103%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 25.2%-ით ნაკლებია.