მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ითვლის სებ-ი საერთაშორისო მოგზაურების დანახარჯებს და რა შეცვალა ომის გამო?

63d574315215d
თელარა გელანტია
29.01.23 00:04
868
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო, რითაც 2019 წლის მაჩვენებელს ($3.2 მილიარდი) გადააჭრაბა. აღსანიშნია, რომ განსხვავებით შემოსავლებისგან, შარშან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტებმა 4 703 945 შეადგინა, რაც 39.1%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ 2019 წელს.

BMG დაინტერესდა საერთაშორისო ვიზიტორების, დაახლოებით, 60%-იანი აღდგენის ფონზე როგორ შეიძლება ითარგმნოს 3.5 მილიარდი - რა წილი აქვს საერთაშორისო მოგზაურების დანახარჯებში მიგრანტების ხარჯებს და ორნიშნა ინფლაციას. ასევე, მიგრანტების გაზრდილი ნაკადის გამო, შეცვალა თუ არა ეროვნულმა ბანკმა მოგზაურების დანახარჯების დათვლის მეთოდოლოგია/შეფასება - სებ-ში გვითხრეს, რომ ეროვნული ბანკი ითვლის და, შესაბამისად, საგადასახდელო ბალანსში ასახავს არა ტურიზმიდან შემოსავლებს, არამედ საერთაშორისო მოგზაურთა დანახარჯებს (Travel), რომელიც უფრო ფართო ცნებაა.

კერძოდ, მოგზაურთა დანახარჯები მოიცავს არარეზიდენტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე პირადი მოხმარებისათვის შეძენილ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით.

სებ-ში BMG-ის განუმარტეს, რომ მოგზაურთა დანახარჯების შეფასებისას ეროვნული ბანკი იყენებდა საქსტატის მიერ ჩატარებულ ტურიზმის რეგულარული კვლევის შედეგებს და სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს.

„ტურიზმის კვლევა ტარდებოდა ძირითად საზაღვრო-გამშვებ პუნქტებზე და გამოიკითხებოდა საქართველოდან გამსვლელი არარეზიდენტების საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს გაწეული ხარჯების შესახებ. ამ გამოკვლევის საფუძველზე დგინდება ერთეული ვიზიტის ხარჯი სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორთათვის, ხოლო ვიზიტთა რაოდენობის განსაზღვრისას ვიყენებთ სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს საქართველოში შემოსვლა/გასვლის შესახებ.

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოგზაურთა სურათი გარკვეულად შეიცვალა და მოგზაურთა დანახარჯების ადეკვატურად შეფასებისათვის საჭირო გახდა დათვლის მეთოდოლოგიაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, კერძოდ: ომამდელ პერიოდებში ერთი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 4-7 დღეს (ვიზიტორთა კატეგორიების მიხედვით) მაშინ, როცა ომის შემდგომ პერიოდებში სამი ქვეყნის (რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი) მოქალაქეებისათვის ვიზიტის ხანგრძლიობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ქვეყნების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაწყვიტა, საქართველოში თვეობით დარჩენილიყვნენ, ზოგიერთმა კი, უფრო ხანგრძლივი პერიოდით (ერთ წელზე მეტი) დარჩენა გადაწყვიტა, და შესაბამისად, რეზიდენტების კატეგორიაში გადაინაცვლა. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, ამ სამი ქვეყნის (რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი) მოგზაურთა დანახარჯები დაეთვალა არა - ვიზიტების რაოდენობის მიხედვით, არამედ მოგზაურთა მიერ საქართველოში გატარებული დღეების მიხედვით, რომელიც უფრო ზუსტ სურათს ასახავს. ამისათვის მოზიდული იქნა სათანადო ინფორმაცია, შეფასდა ერთი ვიზიტორის საშუალო დღიური ხარჯი და ექსპერტული შეფასების საფუძველზე განსაზღვრული იქნა ამ ქვეყნების მოქალაქეების წილი, რომლებიც გახდნენ საქართველოს რეზიდენტები (რომელთა გათვალისწინებაც არ ხდება მოგზაურთა დანახარჯების სტატისტიკაში)“, - ნათქვამია სებ-ის მიერ BMG-ისთვის მომზადებულ წერილობით განმარტებაში.

ამასთან, ეროვნულ ბანკში ახსნეს მიზეზები, რატომაც მოგზაურობიდან შემოსავლების აღდგენა აღემატება ვიზიტორების აღდგენის მაჩვენებელს.

„რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის გარეშე მოგზაურთა დანახარჯების აღდგენამ 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 91% შაედგინა, ხოლო ის, რომ შემოსავლების აღდგენა აღემატება ვიზიტორების აღდგენას (60%) ძირითადად გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

• მაღალბიუჯეტიანი (საჰაერო ტრანსპორტით შემოსულები) ვიზიტორების წილი გაიზარდა 22%-დან 31%-მდე - აღდგენა: 85%.
• ფასების ზრდა 2022-ში 2019 წელთან შედარებით, განსაკუთრებით - ბინის ქირის ფასი.
• საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული მგზავრების (ყველაზე დაბალ ბიუჯეტიანი) ვიზიტორების წილის შემცირება 2022 წელს 2019-თან შედარებით.

ცხადია, შეუძლებელია იმის თქმა, რომ არსებული მეთოდოლგია ზედმიწევნით ზუსტად ითვლის მოგზაურთა დანახარჯებს საქართველოში, თუმცა იგი ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით სავსებით ადეკვატურად აფასებს მას. ამის დასტურია დაბალანსებული საგადასახდელო ბალანსი. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უცხო ქვეყნის საბანკო ბარათებით საქართვლოში განხორციელებული ოპრაციების მოცულობა, რაც მოგზაურთა დანახარჯების ირიბი შეფასების საშუალებას იძლევა, კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი 2022 წელს 2019 წელთან შედარებით, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ შეფასებული მოგზაურთა დანახარჯები ამავე წლებში“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები