მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაიზარდა ბოლო ათწლეულში მილიონერთა რაოდენობა მსოფლიოში?

მილიონერები

ტექნოლოგიური რევოლუციის, ბაზრის ბუმისა და სხვა ფაქტორების გავლენით, ბოლო ათწლეულში მილიონერთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. 2022 წელს მილიონერთა წილი ზრდასრული მოსახლეობის 1.1% იყო, მაშინ როდესაც 2012 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.6%-ს უტოლდებოდა.

Credit Suisse-ის გლობალური სიმდიდრის უახლესი ანგარიშში ასახული უახლესი მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წელს, მილიონერთა ერთობლივმა ქონებამ გლობალური სიმდიდრის 45.8%, შესაბამისად $208.3 ტრილიონი შეადგინა. რაც 2011 წელთან შედარებით ზრდის 138%-იანი მაჩვენებელია. მაშინ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ჯამურად მხოლოდ 87.5 ტრილიონი დოლარის ქონებას ფლობდნენ.

მართალია, სიმდიდრის ზრდის ბევრი ფაქტორი არსებობს, თუმცა Credit Suisse-ის ანგარიშით, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ზრდის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი, ფინანსური აქტივები იყო.

2012 წელს, იმ პირთა რაოდენობა, რომელთა ქონებაც 1-5 მილიონ დოლარამდე შეადგენდა 25.6 მილიონს უდრიდა, 2021 წელს კი, თითქმის ორჯერ – 51.5 მილიონამდე გაიზარდა. $5-10-მილიონიანი ქონების შემთხვევაში ათწლიანი ზრდა – 1.9 მილიონიდან 5.1 მილიონ ადამიანამდე მატებას უდრის, ხოლო $10 მილიონზე მეტს ამჟამად 2.8 მილიონი პირი ფლობს, მაშინ როცა 2012 წელს ეს მაჩვენებელი, მხოლოდ 1 მილიონს შეადგენდა.

ძირითადად, მილიონერთა უდიდესი ნაწილი – დაახლოებით 42%, ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობს, შემდეგ მოდის ევროპა, სადაც მათი წილი 27%-ით განისაზღვრება, დარჩენილ პოზიციებს კი, აზია-წყნარი ოკეანეთი (16%) და ჩინეთი (10%) იკავებენ. ხოლო 5% დარჩენილ მსოფლიოზე მოდის.

2022 წელს, გლობალურად, მილიონერთა რაოდენობამ 59.4 მილიონს მიაღწია, მაშინ როცა 2012 წელს, მის ნახევარსაც კი არ შეადგენდა და მათი რაოდენობა დაახლოებით 28.5 მილიონი იყო. მიუხედავად ინფლაციისა, საპროცენტო განაკვეთებისა და არსებული საბაზრო პირობებისა, რაც ბოლო წლებში სიმდიდრის შექმნას აფერხებს, Credit Suisse-ის პროგნოზით, მილიონერთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება. ორგანიზაციის ვარაუდით, უმდიდრეს ადამიანთა რიცხვი 2027 წლისთვის, 2022 წელთან შედარებით, 45%-ით, 86 მილიონამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, გლობალურად სიმდიდრის გადანაწილების მხრივ უთანასწორობა შედარებით შემცირდა, თუმცა მთლიანი გლობალური სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც მოსახლეობის უმდიდრეს ნაწილს ეკუთვნის. მილიონერებისგან განსხვავებით, მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 52.5%, 10,000 დოლარზე -ზე ნაკლების ქონებას ფლობს, რაც გლობალური სიმდიდრის 1.2%-ია. Credit Suisse-ის პროგნოზით, ამ პირთა რაოდენობა 2027 წლისთვის შემცირდება და საშუალო და ზედა შემოსავლის კლასში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები