საქართველოს მთავრობის 30 ივლისის დადგენილებით 2020 წლის 1 ნოემბრიდან ნედლი რძისგან დამზადებული რძის პროდუქტების შეფუთვაზე მწარმოებლები ვალდებულნი არიან დაიტანონ მინიშნება „წარმოებულია ნედლი რძისგან“.
BMG დაინტერესდა, როგორ აისახება ეს ცვლილება სექტორის საქმიანობაზე და ხომ არ გაზრდის ეს პროდუქციის ფასს.
როგორც ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილი განმარტავს, რძის პროდუქტების წარმოების რეგლამენტში შესული ცვლილება იმდენად ფასზე არ აისახება, რამდენადაც ის გადაალაგებს თავად ბაზარს.
„ის, ვინც არ ამბობდა, რომ ნედლი რძისგან წარმოებული ყველი არ ჰქონდა, მოუწევს ახლა ამის თქმა, შესაბამისად ან უნდა გამოიყენოს ნედლი რძე ან თქვას რომ ფხვნილისგან და სხვა მასებისგან ამზადებს მას. შესაძლოა, მათ მოუწიოთ ნედლი რძის შეძენა ან მიმართონ რაღაც სხვა მაქინაციებს.
ამასთან მწარმოებლებს დასჭირდებათ ლაბორატორიული მომსახურებაც, რამაც რძის პროდუქტების ღირებულებაზე შესაძლოა მცირედით იქონიოს გავლენა. ყველაზე დიდი რისკი მაინც ამ პერიოდში იატაკქვეშეთზე მოთხოვნის გაზრდა იქნება“, - აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი.
„მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება ბაზრისთვის მნიშვნელოვანია, რადგან საშეღავათო პერიოდს ქართველები ვერ იყენებენ ხოლმე და პრობლემა პრობლემად რჩება.
„გადავადებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ამ დროს გონივრულად ვიყენებთ. დღეს მივიღებთ ამ რეგულაციებს თუ მოგვიანებით, ზუსტად იგივე პრობლების წინაშე დავდგებით, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. ამიტომ ჯობია დროულად მივიღოთ, იმისთვის რომ ბიზნესმა შესაბამისად იმოქმედოს და მოქალაქეებიც იყვნენ დაცულები“, - განმარტავს გიგაშვილი.
ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ რეგულაციების ამოქმედების პარალელურად, სათანადო კონტროლის მექანიზმებიც უნდა აამოქმედოს, რომელსაც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და შემოსავლების სამსახური უნდა უზრუნველყოფდეს.
„ეს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ნედლი რძის წარმოების პროცესს და მთელ ჯაჭვს ხელს შეუწყობს მისასალმებელია, მთავარია აღსრულების ბერკეტები იყოს სწორად გამოყენებული. ხშირად ბიზნეს სუბიექტები აღნიშნავენ ხოლმე, რომ ასეთი რეგულაციების ფონზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ნედლი რძე საკმარისი არაა, შესაძლოა გაჩნდეს რძის პროდუქტების დეფიციტი, ამიტომ ნედლი რძის წარმოება უნდა წახალისდეს იმისთვის, რომ რძის პროდუქტების მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი არ დაირღვეს.
მეორე საკითხი მომხმარებლების ცნობიერების დონის ამაღლებაა. შესაძლოა ლეგალურ გასაყიდ ობიექტებში რძის პროდუქტების შეტანისას მწარმოებლები თავად აწერენ ინფორმაციას შეფუთვაზე, მაგრამ მომხმარებელი არ უყურებს რას ყიდულობს, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის ინფორმირებას რომ მათ სწორად შეძლონ ნედლი რძისგან წარმოებული პროდუქტის იდენტიფიცირება.
მესამე საკითხი არალეგალური ბაზრის გაკონტროლებაა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რაც დახლზე ოფიციალურად გამოდის, უნდა ხდებოდეს არაოფიციალური არხების გაკონტროლება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამ გზით ხდება რძის პროდუქტების მიწოდება საცხობებისთვის, სახაჭაპურეებისთვის და ა.შ. ასეთი მწარმოებლები კვლავ არსებობენ და ბაზარზე ისინი დომინირებენ“, - აცხადებს „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილი.