საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტულად შემოსვლა 30 დღით, უვიზოდ შეუძლიათ. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ძალაში 11 სექტემბერს შევიდა.
შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ია თაბაგარი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს.
“ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩინეთიდან დიდი რაოდენობით შემოვლენ ტურისტები და მათთვის უვიზო რეჟიმის პირობები იმოქმედებს (30 დღე). საუბარია კვირაში ასობით რეისზე (ყველა ციფრი ბუნდოვანია ჯერჯერობით). ნორმალურ ქვეყნებში ასე სპონტანურად არ ხდება გადაწყვეტილების მიღება. სად არის დეტალური გეგმა, რისკფაქტორების შეფასება, SWOT-ის ანალიზი, ტურიზმის ინდუსტრიის დარგებთან კონსულტაციების შედეგები, კერძო სექტორთან განხილვები და ანალიზი?
როგორ იქნება დაცული ქართული ბიზნესი "დიდი ჩინეთის" მიერ ტურიზმის სექტორში შემოსვლისგან? არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა. არსებობს თუ არა იმის საფრთხე რომ ჩინელები გახსნიან საკუთარ კომპანიებს, ჩამოიყვანენ თავიანთ გიდებს, ჩამოაყალიბებენ არაკონკურენტულ გარემოს და თავიანთთვის მორგებულ წესებს? ნორმალური სახელმწიფოები ჯერ განიხილავენ და მერე გეგმავენ თითოეულ ნაბიჯს. ეს რა უბედურება გვჭირს, რატომ უნდა იყოს ეს ქვეყანა მუდმივ ქაოსში? დაწერენ სტრატეგიას, რომელსაც შემდეგ არ ასრულებენ! აღარც სტრატეგიაა, აღარც წესიერება და გონიერება“, - წერს ია თაბაგარი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
bm.ge ტუროპერატორს დაუკავშირდა და ჰკითხა - რა რისკებს ხედავს ჩინეთისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაში:
„აბსოლუტურად არაფერი გაგვიგია კერძო სექტორს, ისე მიიღეს გადაწყვეტილება. წინაპირობები იმის, რომ ან კვლევა ჩატარებულიყო, ან ანალიზი, კონსულტაციები - არაფერი ყოფილა მსგავსი. არ შეიძლება, რომ რისკფაქტორების შეფასება არ არსებობდეს. პირველ რიგში დასაზუსტებელია, მართალია თუ არა ეს რიცხვი(პოტენციურად შემოსული ადამიანების რაოდენობა). ცოტათი დაუჯერებელია, ასობით რეისი განხორციელდეს, ჯერ ერთი აეროპორტები არ არის ამისთვის მზად. ყველაზე დიდი რისკი მგონია ის, რომ ძალიან დიდი ტემპით ჩამოვლენ და ჩინელები კომპანიებს გახსნიან.
ჩვენთან განუკითხაობაა იმაში, რომ სახელმწიფო ვერ იცავს გიდებს, მძღოლებს იმაში, რომ მათ ჰქონდეთ სამუშაო ადგილები. რუსებისგან ვერ დაიცვეს. მიშვებულია ეს სექტორი. ვისაც უნდა ის ჩამოვა, გახსნის კომპანიას, დაუპირისპირდება არსებულ გადასახადების გადამხდელ კომპანიებს და ა.შ. ვფიქრობ, მცირე ბიზნესისთვის ეს იქნება სერიოზული დარტყმა“, - განაცხადა ია თაბაგარმა.