ბრიტანული ავტომწარმოებელი კომპანია Rolls-Royce, რომლის სახელსაც ძალიან დიდი და ძვირად ღირებული ავტომობილები უკავშირდება, ბენზინზე მომუშავე მანქანების წარმოებას წყვეტს. სულ მალე კი ბრიტანული ავტომწარმოებელი მომხმარებელს ელექტრომობილებს შესთავაზებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. კომპანიამ უკვე გააჟღერა პირველი ელექტრო Rolls-Royce-მობილის სახელიც - მას “სპექტრი” ერქმევა და გაყიდვაში დაახლოებით ორ წელიწადში ჩაეშვება.
ელექტრო და ბენზინზე მომუშავე მოდელებისთვის ერთი და იგივე ავტომობილის არქიტექტურის გამოყენების სტრატეგიას იზიარებს Rolls-Royce-ის მშობელი კომპანია BMW-ც. კომპანიაში აცხადებენ, რომ სურთ, შეინარჩუნონ მოქნილობა სრულად ელექტრო, ჰიბრიდული და სუფთა ბენზინზე მომუშავე მოდელების წარმოებისთვის, რათა ბაზრის ცვალებად მოთხოვნაზე სწრაფად მოახდინონ რეაგირება.
თუმცა, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ბრენდის მდიდარი მომხმარებლები ელექტრომობილების დატენვის იდეით ალბათ არ აღფრთოვანდებიან. ამას Rolls-Royce-ს 10 წლის წინანდელი გამოცდილება კარნახობს - მაშინ კომპანიამ მომხმარებელს პირველი ელექტრომობილის პროტოტიპი “ფანტომი” წარუდგინა, რომელმაც დიდი დაინტერესება არ გამოიწვია. სრულად დატენილმა “ფანტომმა” 125 კმ-ის გავლა შეძლო, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს, რომ 10 წლის წინ მსოფლიოს მაგისტრალებზე ელექტროდამტენები იმ სიხშირით არ გვხვდებოდა, როგორც ეს დღესაა. დღეს ელექტრომობილები 125 კმ-ზე გაცილებით შორის მიდიან და ხალხი მათ დატენვას უკვე ბევრგან ახერხებს.