მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებით ანაცვლებს „ალტა“ რუსეთიდან იმპორტირებულ ტექნიკას?

6278fb28bd4e3
მარიამ ვარადაშვილი
09.05.22 16:15
2691
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 23.7%-ით 273,5 მლნ დოლარამდე გაიზარდა. BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა რუსეთიდან იმპორტიორი TOP-10 ყველაზე მსხვილი კომპანიების სია, რათა გაგვეგო, როგორ აგრძელებენ ბიზნესები საქმიანობას, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის და საერთაშორისო სანქციების ფონზე.

რუსეთიდან იმპორტიორებს შორის ერთ-ერთია ტექნიკის კომპანია “ალტა“. კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი გიორგი ჟურული BMG-ს უყვება, რომ ტექნიკის საერთაშორისო ბრენდები პროდუქციას რუსეთში არსებული ფილიალებიდან აწვდიდნენ, მაგრამ ომის გამო, მიწოდების ქვეყნები უკვე შეცვალეს და ასახელებს პოლონეთსა და ჩინეთს.
„რუსეთში იყვნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები, რომლებსაც სანამ ომი დაიწყებოდა, მოსკოვში წარმომადგენლობა ჰქონდათ. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვექვემდებარებოდით კონკრეტულ [ამ შემთხვევაში რუსულ წარმომადგენლობას] და საქონელს ამ წარმომადგენლობისგან ვიღებდით.

ომის შემდეგ საიმპორტო ბაზრების გადანაცვლება მოხდა და ახლა რუსეთის ნაცვლად საქონელი სხვა ქვეყნებიდან შემოდის. მაგალითად “სამსუნგს” აქვს საკუთარი მარშრუტი, რომლის მიხედვითაც, საქონელს ამა თუ იმ დილერს აწვდის. ახლა კომპანია მარშრუტებს ცვლის”, - განმარტა გიორგი ჟურულმა.

ის ზუსტად ვერ ამბობს, გასულ თვეებში „ალტას“ პროდუქციაში რუსეთიდან იმპორტირებული ტექნიკის წილი რამდენი იყო, მაგრამ აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან იმპორტი შეჩერდა.

BMG-ის კითხვაზე - მომწოდებელი ქვეყნის ცვლილება გაზრდის თუ არა პროდუქციის ღირებულებას, კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი ამბობს, რომ ტექნიკის გაძვირება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ უფრო მეტად უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლით კურსზე, საწვავის ფასზე და ა.შ.

„ტექნიკის ბაზარზე კონკურენტული გარემოა და უკონტროლოდ ფასის ზრდას არავინ გვაპატიებს. ბუნებრივია, ყველა ვცდილობთ, ფასი გარკვეულ ზღვარში მოვაქციოთ, რათა ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ”, - აცხადებს “ალტას” წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები