მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა, სამხედრო გადატრიალების მუხლით, „ვაგნერის“ დამფუძნებელზე საქმე აღძრა

649614ebc191c
თელარა გელანტია
24.06.23 01:50
979
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინზე რუსეთში საქმე აღძრეს. როგორც რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი ("ეფესბე") იუწყება, სისხლის სამართლის საქმე სამხედრო გადატრიალებისკენ მოწოდების მუხლითაა აღძრული.

განცხადების თანახმად, ევგენი პრიგოჟინის სახელით გავრცელებულ განცხადებებს არ აქვს საფუძველი - „მოვითხოვთ, უმალვე შეწყდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“.

საქმე ის არის, რომ გუშინ, 23 ივნისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა აუდიომიმართვა გაავრცელა, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა. „ჩვენ 25 ათასნი ვართ და მოვდივართ, რათა გავარკვიოთ, რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“, - აცხადებდა პრიგოჟინი აუდიოჩანაწერში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა ტელეგრამ-არხში გაავრცელა. „ვაპირებ, შევაჩერო ბოროტება, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა. გავანადგურებ ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“, – განაცხადა „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, "ვაგნერის" ლიდერს ევგენი პრიგოჟინს „შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის” 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, ვლადიმერ პუტინი პრიგოჟინის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულია. ამის შესახებ მედიას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. „მიიღება შესაბამისი ზომები“, - თქვა პესკოვმა.

ვაგნერის ჯგუფი რუსეთის არმიის არაოფიციალური სამხედრო დანაყოფია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვაგნერის ჯგუფი ბოლო დროს აქტიურობდა უკრაინაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში და არაერთხელ იყო ბრალდებული ომის დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები