მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 108 მლნ-მდე იზრდება

63cf94dec301a
გვანცა სანაია
24.01.23 12:42
674
რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იზრდება. ბიუჯეტი, რომელიც ქალაქის საკრებულომ გასული წლის დეკემბრის თვეში დაამტკიცა და 87 367 700 ლარით იყო განსაზღვრული, 108 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

რუსთავის მერის განცხადებით, ბიუჯეტის გაზრდა ჭარბი შემოსვლებისა და გარდამავალი პროექტების ბიუჯეტში ასახვის გზით მოხდა. გაზრდილი ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებას მოხმარდება, თანხები გათვალისწინებული იქნება ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციისთვის. გაზრდილი ბიუჯეტით იგეგმება, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა.

"ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროცესი შარშან დავიწყეთ და ვთქვით, რომ გრძელვადიანი პროექტი იყო, რომელიც ყველა ლიფტის განახლებამდე გაგრძელდებოდა. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აღნიშნული საბიუჯეტო ზრდის შედეგად დაფინანსდება, არის ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია. მისამართების შერჩევა მოხდა მოსახლეობასთან კონსულტაციით და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე. კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელსაც ქალაქის სხვადასხვა უბანში ვგეგმავთ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ლებანიძის ქუჩა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა აქამდე ფაქტობრივად არ არსებობდა. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დავიწყებთ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობას 21-ე მიკრორაიონში",– განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია, პირველ ეტაპზე, ქაშაკაშვილის N8 და N10, ვაჟა ფშაველას მე-2 გასასვლელის N4, დონეცკელ მეტალურგთა N18ა და თოდრიას მე-3 ჩიხის N7 კორპუსებშია დაგეგმილი. სხვადასხვა სახის გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება კოსტავას N15 და მე-8 მიკრორაიონის N10 საცხოვრებელ სახლებშიც.

"როცა ქალაქის ბიუჯეტი დავამტკიცეთ, მერიის მხარემ და ვიცე-მერებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ბიუჯეტის ზრდის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნებოდა ის პრიორიტეტული საკითხები, რაც ჩვენი მხრიდან იყო დაყენებული",- ამბობს რუსთავის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ალექსანდრე ბერიძე და განმარტავს, რომ ოპოზიციას ექნება კონკრეტული წინადადებები, რომ პრობლემური საკითხები უფრო სწრაფად გადაიჭრას და აქვთ მოლოდინი, რომ ეს გათვალისწინებული იქნება.

"არ არის გათვალისწინებული სოციალური მიმართულება, გვქონდა უფასო სასადილოების პროგრამა, სტუდენტური პროგრამა, მაგრამ, პრინციპში, ასევე საჭირო ნაწილი არის გათვალისწინებული და ჩვენ ამას ფრაქციის სხდომაზე განვიხილავთ. გვექნება წინადადებები, კონკრეტული მიმართულებებით, როგორ უნდა დაიხარჯოს ეს თანხები, იგივე ლიფტების პრობლემის მოგვარების კუთხით, რადგან წინა წელსაც იყო გამოყოფილი თანხა ამ მიმართულებით და ეს არ შეეტყო ქალაქს. ყოველთვის სჭირდებოდათ თავის მართლება, რომ პრობლემებს ერთიანად ვერ აგვარებდნენ, ამიტომ პრინციპული მიდგომაა საჭირო, რომ ეს საკითხები უფრო სწრაფად მოგვარდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს წინადადებებს გაითვალისწინებენ" - განაცხადა ალექსანდრე ბერიძემ.

საბიუჯეტო ცვლილებების მოთხოვნა რუსთავის აღმასრულებელმა ორგანომ ქალაქის საკრებულოში უკვე შეიტანა.

რუსთავის საკრებულოს სხდომა 30 იანვარს არის ჩანიშნული. პროცედურის თანახმად, საკრებულოს სხდომამდე საკითხი კომისიურ და ბიუროს ფორმატში განიხილება. ბიუჯეტში ცვლილებებს ფრაქციამ "საქართველოსთვისაც" უნდა დაუჭიროს მხარი, რომელსაც ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში სამი მანდატი აქვს.

ინფორმაციისთვის: რუსთავის საკრებულომ ბიუჯეტი 2022 წლის 23 დეკემბერს ერთხმად, სრული უმრავლესობით, მეორე მოსმენით დაამტკიცა. რუსთავის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები, 2023 წელსაც ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამებია.

განახლება (30 იანვარი) : რუსთავის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები