მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ ეკონომიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია ყოველდღიურად იზრდება- გია ხუხაშვილი

6457a3fbcb23b
სალომე ხიდურელი
07.05.23 19:49
853
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავლის წილი საქართველოს ეკონომიკაში 14.6% იყო, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს არ აღემატებოდა, რეკორდულ 9.9%-ს კი 2018 წელს მიაღწია.

კვლევის შედეგებს BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ ექსპერტი გია ხუხუაშვილი აჯამებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება.

„დაახლოებით 120 ათასი რუსი დასახლდა საქართველოში და ეს იმ ფონზე ხდება, როცა საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას. 3 მლნ-იანი ქვეყნისთვის ეს საკმაოდ სერიოზული კორექტივია. რაც შეეხება ფინანსებს, $1 მილიარდზე მეტი დევს ქართულ საბანკო ანგარიშებზე რუსეთის მოქალაქეების ფული, 15 000-ზე მეტი ბინა და 14 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი შეიძინეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში. ამას დამატებული ნაღდი ფული და დაახლოებით, 5-6 მილიარდი დოლარი რუსეთიდან შემოვარდა საქართველოში. ეს ძალიან დიდი თანხაა, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ექსპანსია“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე არც კერძო სექტორია იმისთვის მზად, რომ რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ხელი შეუშალოს, რადგან ბიზნესი გრძელვადიან დაგეგმარებას არ აკეთებს.

„ჩვენი მენტალიტეტი ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაზეა გათვლილი - რომ დღეს ვიშოვო ფული და ხვალ რა იქნება, ვინ იცის.. ბიზნესები გრძელვადიან დაგეგმარებას არ აკეთებენ. მერე უძრავ ქონებასაც რომ ყიდულობენ, გადასახადებს როგორ იხდიან არ გაინტერესებთ? ქონების გადასახადს ჩვენ ვიხდით წლის განმავლობაში შემოსავლების მიხედვით, რუსებს საქართველოში შემოსავალი არ უფიქსირდებათ, მათი იდენტიფიცირება, როგორ გადაახდევინო ეს გადასახადები ვერ ხდება, უპირატესობაც კი აქვთ ჩვენთან შედარებით საგადასახადო კუთხით. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ რუსულ ნომრიან მანქანებს ვერ აჯარიმებენ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

როგორც ის „ანალიტიკაში“ აცხადებს, ერთადერთი გამოსავალი რუსეთისაგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაშია, რასაც ევროპამ უკვე წარმატებით გაართვა თავი.

„რუსეთს ენერგეტიკული განვითარების 20-წლიანი პროგრამა აქვს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ენერგეტიკული ექსპანსია, ენერგო დამოკიდებულება სხვა ქვეყნების, არის არა ეკონომიკის, არამედ პოლიტიკური საკითხი. უკრაინაში ომს რომ იწყებდნენ, მათი გათვლა ის იყო, რომ ევროპა იმდენად იყო მათზე ენერგოდამოკიდებული, რომ ვერაფერს გაბედავდნენ. მაგრამ ეს არ გაუვიდათ, ევროპამ ყველაფერი გააკეთა, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთისგან დისტანცირება მოეხდინა, ჩვენ საწინააღმდეგო მიმართულებით წავედით.

ჩვენი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, ფაქტობრივად, ოკუპაციის ტოლფასია. ამ დიდ გლობალურ ომში, ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ევროპის ეკონომიკური სანქციებია, დასავლეთი ცდილობს რუსეთის მაქსიმალური იზოლაცია მოახდინოს და ამ დროს ჩვენ პირიქით, რუსეთს ვეხმარებით. ჩვენ ამ გლობალურ ომში რუსეთის მხარეს ვმონაწილეობთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაცხადებთ, რომ დასავლეთის მხარეს ვართ. ჩვენი ინტეგრაციის ხარისხი ერთიან რუსულ ეკონომიკურ სივრცეში ყოველდღიურად იზრდება. ენერგო დამოუკიდებლობა, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და საფიქრალი იყო, ამასაც ვკარგავთ დღითიდღე“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები