მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააკაშვილის იურიდიული და ლობისტური კონტრაქტი აშშ-ში - ღირებულება $917,000-ია

63e36e13701e7
BM.GE
08.02.23 13:49
9717
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს, საჯაროა. თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულებისა და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

3 თებერვალს გამოქვეყნდა ახალი დოკუმენტი, რომელიც ამერიკულმა იურიდიულმა კომპანია Akerman-მა მოამზადა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის აგვისტოში მათ გააფორმეს 917 ათასი დოლარის ღირებულების კონტრაქტი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან. კონტრაქტის ძირითადი მიზანი იურიდიული დახმარების გაწევა, ამასთანავე ლობისტური აქტივობების ჩატარებაა. დოკუმენტს ხელს Akerman-ის პარტნიორი, მასიმო დ'ანჯელო აწერს, რომელიც ამავდროულად მიხეილ სააკაშვილის პერსონალური იურისტია.

კონტრაქტის მიზანს პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ აშშ-ის პოლიტიკურ სივრცეში სტრატეგიული საკომუნიკაციო კამპანიის ჩატარება და ამ პროცესის შედეგად, ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაში დახმარება წარმოადგენს.

Akerman LLP-ის პარტნიორის, მასიმო დ'ანჯელოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტის ფარგლებში ასევე დაიქირავეს წამყვანი სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს.

ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, მათ შორის მითითებულია, რომ გაიმართა სხვადასხვა სახის კომუნიკაცია (ელექტრონული ფოსტა და მიმოწერა) აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინის ოფისის წარმომადგენლებთან, ასევე თბილისში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ასისტენტის თანაშემწესთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები