"საავტორო და მომიჯნავე უფლებების" შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე საავტორო უფლებათა ასოციაციას კვლავ შენიშვნები აქვს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიგა კობალაძემ “საქმის კურსში” სტუმრობისას განაცხადა, პარლამენტმა კანონი ისე მიიღო, რომ შენიშვნების ნაწილი არ გაითვალისწინა.
“ჩვენი შენიშვნები საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებთან თანხვედრაშია. მათაც შეისწავლეს ეს საკანონმდებლო რეფორმა და საკმაოდ ვრცელი შენიშვნები არაერთხელ გამოაგზავნეს. კანონი არ პასუხობს ავტორთა ინტერესებს და დიდი რისკი არსებობს, რომ სისტემის პარალიზება გამოიწვიოს. შენიშვნების მცირე ნაწილი პარლამენტმა გაითვალისწინა, თუმცა არსებობს რამდენიმე მუხლი, რომელიც პრობლემურია”,- აღნიშნა გიგა კობალაძემ.
კითხვაზე - კონკრეტულად რომელ მუხლებზე აქვს სექტორს შენიშვნები, კობალაძემ მაგალითად ორი მუხლი მოიყვანა:
“პირველი, კანონით იმაზე გაცილებით მეტი ჩარევაა და იმაზე მეტადაა შეზღუდული ავტორის დამოუკიდებლობა, ვიდრე ეს ცივილიზებულ სამყაროში ხდება. მეორე არის ის, რომ კრიტერიუმები, რომლებიც დაწესდა, თუ როგორ უნდა მოიპოვოს ორგანიზაციამ ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების უფლება, არ არის ობიექტური და შეიძლება ამან სუბიექტური გადაწყვეტილების მიღება გამოიწვიოს. ეს არის პრობლემური მუხლები, რომლებზეც ვიმუშავებთ და ვცდილობთ, კიდევ ერთხელ დღის წესრიგში დავაბრუნოთ”, - განაცხადა გიგა კობალაძემ.
საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ორგანიზაცია ორ მუხლზე საჩივარს სასამართლოში შეიტანს.
“არსებობს სასამართლო მექანიზმები. არსებობს სასამართლო. ჯერ ყველა ის მექანიზმი არ არის ამოწურული, რომლითაც ჩვენ შეიძლება ზეგავლენა მოვახდინოთ იმაზე, რომ კანონმა შეიძინოს ის სახე, რაც უნდა ჰქონდეს”, - აღნიშნა გიგა კობალაძემ.
კანონის მიხედვით, ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების უფლების მისანიჭებლად, ორგანიზაციების მხრიდან განაცხადების მიღება უახლოეს მომავალში დაიწყება. ცვლილების შედეგად, ყველა სფეროში მხოლოდ ერთ ორგანიზაციას მიენიჭება აკრედიტაცია. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სამართავად აკრედიტაციის მინიჭების მიზნით, აკრედიტაციის განაცხადი საქპატენტს წარედგინება. აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადების შემდეგ პირველი განაცხადის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება კომისია. ამავე ბრძანებით განისაზღვრება კომისიის სამდივნოს შემადგენლობა. განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში კომისია ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებთან. ყველა შესული განაცხადის შემოწმების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
“არ შეიძლება ვენდოთ რომელიმე ჩინოვნიკის კეთილსინდისიერებას, უნდა არსებობდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომ ნებისმიერი ჩინოვნიკი, როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს მას, დაუმსახურებლად მიანიჭოს ორგანიზაციას უფლება, არ დაუშვას. ჩვენ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ. დიდი ეჭვი გვაქვს იმისა, რომ პროცესი არ იქნება ობიექტური და დიდი ბრძოლა მოგვიწევს”,- განაცხადა გიგა კობალაძემ.