მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა ნახშირბადის ტარიფის შემოღება - ADB

644a569d5c168
მარიამ ვარადაშვილი
27.04.23 15:29
664
მსოფლიოს მასშტაბით სათბური აირების ნულოვანი ემისიის მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოტანა შეუძლია. განვითარებადი აზიისთვის აღნიშნული სარგებელი კლიმატის ცვლილების შერბილებაზე გაწეულ ხარჯს ხუთჯერ აღემატება, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების თავიდან აცილება და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება მიზანმიმართული რეფორმებით მიღწევადია. თუ მსოფლიო ერთად იმუშავებს პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული გლობალური დათბობის 2°C-ზე მეტად შესამცირებლად, რეგიონისთვის ეს ხარჯი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1%-ს შეადგენს.

„კლიმატის პოლიტიკამ დანახარჯი რომ ამოიღოს, ეკონომიკურად ეფექტიანი მიდგომები გვჭირდება, როგორიცაა ნახშირბადის ტარიფის შემოღება,“ - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა, - „ანგარიში აჩვენებს, რომ პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევისთვის ნულოვან ემისიაზე ეფექტიანი გადასვლა ისეთ სარგებელს მოიტანს, რაც დანახარჯს ხუთჯერ აღემატება. მსოფლიომ ერთად უნდა იმუშაოს ჩვენი კლიმატის მიზნების მისაღწევად და შექმნას მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა, რომელიც ყველაზე თანაბრად განაწილდება.“

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. რეგიონზე მოდის ზღვის დონის აწევით გამოწვეული საფრთხის წინაშე მყოფი მსოფლიო მოსახლეობის 70%. ასევე რეგიონის კისერზეა 2019 წელს მსოფლიო სათბური აირების ემისიის თითქმის ნახევარი.

აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკისა და განვითარების მიზნების მიღწევა და კატასტროფული კლიმატის რისკების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდება რეგიონის ზრდის სტრუქტურის ტრანსფორმაციის გარეშე, ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნული ტრანსფორმაცია მოითხოვს ნახშირისა და სხვა ნამარხი საწვავის განახლებადი ენერგიის წყაროებით სწრაფ ჩანაცვლებას, ენერგოეფექტიანობის გაზრდას და ტყეებისა და ნახშირბადის ჩამჭერი სხვა საშუალებების კონსერვაციას. შედეგად, გლობალური ნულოვანი ემისიის მიღწევას შეუძლია ჰაერის დაბინძურების შემცირების ხარჯზე 2030 წლისათვის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში 350 000 სიცოცხლის გადარჩენა და 2050 წლისათვის ენერგოსექტორში დამატებით 1.5 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ თუ 2100 წლისათვის გლობალური დათბობა 4°C-იან ზღვარზე შენარჩუნდება, კლიმატის ცვლილებისგან მიღებული ზიანი განვითარებადი აზიის მშპ-ს 24%-იან ზარალს მიაყენებს.

ანგარიში ურჩევს პოლიტიკის გამტარებლებს ყურადღება სამი მიმართულებით გაამახვილონ: ნახშირბადის ტარიფი და სუბსიდიის რეფორმა ნამარხი საწვავისა და მიწის გამოყენებისთვის, რეგულაციები და წამახალისებელი საშუალებები ფინანსების მოძიებისა და უფრო სუფთა ენერგიის წარმოების ხელშესაწყობად და სოციალური დაცვა და დასაქმების ხელშეწყობა სამართლიანობის დასაცავად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები