მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესწავლის შედეგები დეკემბერში გახდება ცნობილი

637615fe79fa4
BM.GE
17.11.22 15:06
604
ფინანსთა სამინისტრო დეკემბერში გამოაქვეყნებს იმ კვლევის შედეგებს, რომელსაც უწყება საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესასწავლად ატარებდა. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ კვლევების საფუძველზე დადგინდება თუ რომელი საგადასახადო შეღავათი შეიძლება გაუქმდეს.

საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესწავლაზე ფინანსთა სამინისტრო 2021 წლიდან საუბრობს, არსებული ინფორმაციით, ამ შეღავათების ღირებულება 2 მილიარდი ლარია, ანუ ეს არის ის თანხა, რომელსაც ბიზნესი გადასახადის სახით არ იხდის ბიუჯეტში.

ლაშა ხუციშვილის თქმით, კვლევები აჩვენებს თუ რა მიმართულებით შეიძლება ამ მხრივ ოპტიმიზაცია მოხდეს. ფინანსთა სამინისტრო საადასახადო კოდექსში არსებულ შეღავათებს USAID-ისა და IMF-ის ექსპერტებთან ერთად სწავლობს.

“მიმდინარეობს მუშაობა საგადასახადო დანახარჯების რეფორმაზე. როგორც მან 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას აღნიშნა, საგადასახადო შეღავათები წარმოადგენს ბიუჯეტის მნიშვნელოვან პოტენციურ რესურსს და ამ შეღავათების ეფექტურობა შესწავლას საჭიროებს.

სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და USAID-ის დახმარებით, უახლოეს დღეებში დავასრულებთ საშემოსავლო, მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებში არსებული შეღავათების ფისკალური ეფექტის შეფასებას. საბიუჯეტო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებებით საკანონმდებლო დონეზე ჩნდება ვალდებულება ამ ანგარიშების ყოველწლიურად ბიუჯეტთან ერთად პარლამენტისთვის წარდგენა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა თქმით, არსებული შეღავათების შეფასება წარმოდგენილი იქნება 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტთან ერთად, რაც ყველა დაინტერესებულ პირს მეტი მსჯელობის საშუალებას მისცემს ამ საკითხზე.

როგორც მან აღნიშნა, სავალუტო ფონდის დახმარებით მომდევნო წლიდან იგეგმება მსხვილი საგადასახადო შეღავათების ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის შესწავლა, რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება მსჯელობა ამ შეღავათების შესაძლო ოპტიმიზაციაზე და შესაძლო რესურსის უფრო მიზნობრივ მიმართვაზე, მათ შორის, შეღავათების ხარჯვითი პროგრამებით ჩანაცვლებაზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები