თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭომ (DEIK – Foreign Economic Relations Board of Turkey) და ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ სტამბოლში ფოთის თიზ-ის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ კონფერენცია გამართეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველო-თურქეთისა და თურქეთ-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოებმა და ამ საბჭოების წევრმა 20-მდე თურქული თურქული კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო.
რა შედეგით დასრულდა ახალი ფორმატით გამართული შეხვედრა და შეძლო თუ არა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელობამ პოტენციური ინვესტორების დაინტერესება - ამ და სხვა კითხვებით BM.GE-მ ფოთის თიზ-ის ინვესტიციების მოზიდვის ხელმძღვანელ თამარ სახეიშვილს მიმართა, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ფოთის თიზ-ში წარმოების გადმოტანისა და ინვესტირებით რამდენიმე კომპანია დაინტერესდა.
თამარ სახეიშვილმა შეხვედრის მიზნებსა და ინტერესებზე დეტალურად ისაუბრა.
„ვიდრე ღონისძიებას დავგეგმავდით, ამას წინ სტრატეგიის განსაზღვრა უძღოდა, თუ რა წინადადებით შეიძლებოდა მივსულიყავით თურქეთის მხარესთან და როგორ მოგვეხდინა თიზ-ის შესაძლებლობების პოზიციონირება. კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ თურქეთი ძალიან დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის პროდუქტს საუდის არაბეთში ყიდდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს მოცულობები საგრძნობლად შემცირდა. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი როგორ იყო შესაძლებელი ორმხრივი თანამშრომლობით გაყიდვები გაზრდილიყო თურქული მხარისთვის და ამავე დროს საქართველოსთვისაც მომგებიანი ყოფილიყო. ამიტომ ფოთის თიზ-ზე აქცენტირება საწარმოო განვითარების კუთხით გავაკეთეთ. ძირითადი მესიჯი რაც ამ ღონისძიებაზე გაჟღერდა, არის კონკრეტულ 4 სექტორში წარმოშობის სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობები, სადაც დამსწრე კომპანიებს ინფორმაცია პირდაპირი მაგალითებით მივაწოდეთ“, - განმარტავს თამარ სახეიშვილი.
ტექსტილი, ავეჯი და აქსესუარები, სამშენებლო მასალები - სწორედ ამ დარგების წარმომადგენლები ესწრებოდნენ რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრას და როგორც ფოთის თიზ-ის ინვესტიციების მოზიდვის ხელმძღვანელი ამბობს, დამსწრეთაგან წარმოების პროცესის საქართველოს თიზ-ში გადმოტანის სურვილი რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა.
„ჩვენ კომპანიებს, რომლებსაც საუდის არაბეთის მიმართულებით გაყიდვები შეუმცირდათ, შევთავაზეთ ის შესაძლო გზები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით და რეგულაციებით შეუძლიათ მინიმალური გადამუშავებით მიიღონ Made in Georgia-ს სერტიფიკატი. ჩვენ საუდის არაბეთთან პრეფერენციები არ გვაქვს და მხოლოდ ამ სერტიფიკატის მიღებაც საკმარისია. ამასთან, ორმხრივ თანამშრომლობაში გათვალისწინებულია თურქული ნედლეულის გათვალისწინება, ევროკავშირი-თურქეთი-საქართველოს დიაგონალური კუმულაციის ფარგლებში ეს პრეფერენციაც დაემატა, კომპანიას, რომელიც აქამდე მხოლოდ საუდის არაბეთზე იყო ორიენტირებული, შესაძლებლობა ეძლევა ფოთის თიზ-ის წარმოების შემთხვევაში სხვა ბაზრებზეც გავიდნენ.
შეხვედრა დასრულებული არ იყო, როდესაც ერთ-ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა კომპანია Gedik-მა, რომელიც უნივერსიტეტებს, ჰოსპიტლებს და ქარხნებს აერთიანებს, ელექტროდების წარმოების ნაწილის თიზ-ში გადმოტანით დაინტერესდა. შეხვედრის შემდეგ მათი თხოვნით, ჩვენ იმ ქარხანას ვეწვიეთ, რომლის გადმოტანაც საქართველოში მათ უნდათ“, - უთხრა BM.GE-ის თამარ სახეიშვილმა.
მისი განმარტებით, საწარმოო პროცესის საქართველოში გადმოტანა მარტივი არ არის და დაინტერესებულმა მხარემ ამის განხორციელებისთვის მოკვლევითი სამუშაოები უკვე დაიწყო. თუ კომპანიისთვის რეგიონული მასშტაბით ქარხნის გადმოტანა მომგებიანი იქნება, მაშინ ინვესტორი კომპანია ამ სურვილს სისრულეში მოიყვანს. პროექტის ღირებულება კი დაახლოებით 10 მლნ დოლარი იქნება. ხოლო მისი განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი კომპანია ელექტროდების ექსპორტს სხვადასხვა ბაზრის მიმართულებით საქართველოდან განახორციელებს.
გარდა ამისა საქართველოში, კერძოდ ფოთის თიზ-ში ინვესტირებით დაინტერესდა ტექსტილის მწარმოებელი კომპანიაც, რომელსაც ტექსტილის მაკულატურის გადამუშავების ამოქმედების პროექტის განხორციელება სურს. თამარ სახეიშვილი კომპანიის სახელს კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ: „8 – 10 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 5 000 კვ.მ.-ის საწარმოო ფართში დაახლოებით 1 000-მდე ადამიანი დასაქმდება. ტექსტილის მაკულატურის გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე არამხოლოდ ევროპაში, არამედ ჩინეთშიც შეიძლება გავიდეს“.
თამარ სახეიშვილის საუბრიდან ირკვევა, რომ 22 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ფოთის თიზ-ის ხელმძღვანელობა იაპონიის ბანკის JBIC-ის ხელმძღვანელებსაც შეხვდა. ინვესტიციის მოზიდვის ხელმძღვანელის თქმით, იაპონური ბანკი იმ იაპონურ წარმოებებს, რომელიც საწარმოო სიმძლავრეები ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააქვთ ინვესტიციას უფინანსებენ.
„ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ თურქეთში წარმოდგენილ იაპონურ კომპანიები ფოთის თიზ-ის შესაძლებლობებით დააინტერესონ. ბანკის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს შესახებ, რადგან მათ სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდათ, შესაბამისად კლასტერული და ეკომეგობრული მეწარმეების მხრიდან დაინტერესებას ამ მიმართულებითაც ველით“, - აღნიშნა თამარ სახეიშვილმა.
ამავე შეხვედრაზე ქართული მხარე ლუბრიკანტების ერთ-ერთ მსხვილი მწარმოებელი კომპანია Opet Fuchs-ის წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომელსაც საწარმოო პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ ამოქმედებული.
„ფოთში ახალი პორტის მშენებლობა მათთვის ძალიან მიმზიდველია და პორტთან ახლოს სურთ ტანკერების ქონა. მათთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში 20 მლნ დოლარამდე ინვესტიციას გეგმავენ“, - უთხრა BM.GE-ის ფოთის თიზ-ის ინვესტიციების მოზიდვის ხელმძღვანელმა თამარ სახეიშვილმა.
კითხვაზე - რა პერიოდში ვიხილავთ ჯამში 40 მლნ დოლარამდე ღირებულების პროექტების განხორციელების დაწყებას, ის პასუხობს: "დაინტერესებული კომპანიების მხრიდან ყველა პროცესისა და ეტაპების გავლის შემდეგ, რენტაბელობის შემთხვევაში, 1.5 - 2 წელი იქნება ის დრო, როდესაც ეს კომპანიების წარმოების ამოქმედებას შეძლებენ".