2020 წლის დეკემბერში საქსტატის სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი ეს ინდექსი 11.7%-ით არის გაზრდილი.
"2020 წლის ნოემბერთან შედარებით ფასები 1.4%-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 1.11 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (3.3%) და ძირითად ლითონებზე (2.9%).
ამავე პერიოდში ფასები შემცირდა ჯგუფზე ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი (-3.1%), რამაც -0.3 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 4.7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 11.5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 9.36 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (14.6%), სასმელები (6.0%) და ძირითადი ლითონები (16.9%);
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 29.0%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (41.1%);
• წყალმომარაგება; კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 20.1%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.6 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1.9%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.2 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.