საქართველოს საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი სავარაუდოდ, ისევ "საქართველოს ბანკი" იქნება - ამის შესახებ სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, დეკემბერში გამოცხადებულ ტენდერში უპირატეს კანდიდატად "საქართველოს ბანკი" იქნა მიჩნეული, შესაბამისად საბჭო სწორედ მასთან უჭერს მხარს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას.
საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი ამჟამადაც "საქართველოს ბანკია", რომელთანაც არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ივლისში ეწურება. ბანკთან მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა.
საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებული დეპოზიტარი, საპენსიო აქტივების ერთადერთი დეპოზიტარია, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისობაში აღრიცხვას და შენახვას.
2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში სულ 3.3 მილიარდი ლარია განთავსებული, რაც 1.3 მილიონი დასაქმებულის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს.
საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში. კონკრეტულად: 59% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, 5.4% სარგებლიან ანგარიშებში, 14% საერთაშორისო აქციებში, 15% ქართულ სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებში, 3.3% უცხოურ სახაზინო ვალდებულებებში.