ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიასთან ერთად, 26 მაისის თემატიკით გაფორმება დაასრულა.
26 მაისისთვის, საქართველოს სამივე საერთაშორისო და ორი ადგილობრივი აეროპორტის ბრენდირება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საერთო კონცეფციით განხორციელდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, წელს, 26 მაისის კონცეფციაა ,,თავისუფლების სიყვარულით“.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წელს, მასშტაბურად იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს წარმოდგენილი. დავასრულეთ აეროპორტების ბრენდირება შესაბამისი თემატიკით. ასევე, მიმდინარეობს მზადება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, სადაც აეროპორტების გაერთიანება ხვალ წარმოდგენილი ვიქნებით ,,ქართული კომერციული ავიაციის 100 წლის“ თემატიკით.
რაც მთავარია, დამთვალიერებელს ქართველი ავიატორების მიერ დაპროექტებული და წარმოებული ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდი დახვდება. ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქვეყნის მთავარ დღეს, ოპერის და ბალეტის თეატრის წინ მოსულ ვიზიტორებს საინტერესო ინსტალაციებს, თანამედროვე დიზაინის, ინტერაქციულ და ინფორმაციულ სივრცეს შესთავაზებს, რომელიც ავიაციის და აეროპორტების თემატიკით იქნება გაჯერებული.