2022 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის შემოსავალი უშუალოდ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან 7%-ით შემცირდა და მან 49.9 მილიონი ლარი შეადგინა.
აუდიტორული საქმიანობით დაკავებულმა კომპანიებმა 2022 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს წარუდგინეს. სამსახურის მონაცემთა ბაზაში სულ 268 კომპანია არის რეგისტრირებული.
აუდიტორული კომპანიები შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ესაა კლიენტებისთვის ფინანსური და იურიდიული კონსულტაციების გაწევა, აუდიტორული ანგარიშებისა და კვლევების მომზადება, საბუღალტრო სერვისის აუტსორსინგი და სხვა. თითოეული კომპანია ვალდებულია, რომ ყოველი წლის შემოსავლების შედეგები, რაც უშუალოდ აუდიტორულ საქმიანობას უკავშირდება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს წარუდგინოს. სწორედ ამ მონაცემებს ეფუძნება აღნიშნული რეიტინგიც. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სიის სათავეში საერთაშორისო ბრენდები დომინირებენ.
აუდიტორული სექტორის სერვისზე მოთხოვნას ფინანსური გამჭვირვალობის რეფორმა უწყობს ხელს. კომპანიებს, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საკუთარი ფინანსური ანგარიშების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება ეკისრებათ. რეფორმის შედეგად, ასობით კომპანიამ – მსხვილმა თუ საშუალომ – საკუთარი წლიური შედეგები გაასაჯაროვა. ამან კი, თავის მხრივ, აუდიტორების მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა.