საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის ვადები 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შევიდა.
პირს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდება:
1. თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე სახელმწიფოსგან თანხმობას მიიღებს.
2. თუ იგი უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეუწყდა საქართველოს მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.
პირს აღუდგება საქრთველოს მოქალაქეობა:
- თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების მოთხოვნით, ამისათვის მან ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს.
- საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შესაძლებელია არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი აღიდგენს საქართველოს მოქალაქეობას.
პირს სპეციალური წესით მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა:
რომელსაც არ დაუდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ დაბადებულია საქართველოში, შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. აღნიშნულმა პირმა ტესტირება უნდა გაიაროს - სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.
საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდება 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირს, თუ:
- 1975 წლის 31 მარტამდე დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის და მანამდე 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
- 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
- საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
ცვლილებები მოქალაქეებისთვის შესაბამისი პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო ინიციატივა მოქალაქეთა მაღალმა მიმართვიანობამ განაპირობა.
მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით ჯამში 7123-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა.