საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ და საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა მიქაშავიძემ მოაწერეს.
მემორანდუმი ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, აგრეთვე როგორც ასეთი ტიპის დანადგარების და მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკებებს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმო “დელტას” სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება.
„განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება საქართველოს ენერგეტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე პროექტზე, რომელთა დასრულების შემდეგაც საქართველოს ენერგობალანსში ქარის ენერგეტიკის წილი გაიზრდება. ჩვენ ხელს შევუწყობთ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ქარის ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნაწილების წარმოების დაწყებასაც. მით უფრო, როდესაც პროექტის პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს საქართველოს უმსხვილეს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრში „დელტა“, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალი პერსონალითა და თანამედროვე მანქანა - დანადგარებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.