მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული“ – „ამბასადორი კაჭერეთის“ მოლოდინები

5f75b5554628f
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.20 09:45
3444
კახეთში მოქმედი სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთის“ დატვირთულობა ადგილობრივი ტურიზმის პირობებში სექტემბერში ისეთივე იყო, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიობში.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია სოსიაშვილი აცხადებს, „2020 წლის ზაფხულის სეზონმა მოლოდინს გადააჭარბა“.

სასტუმროს ადმინისტრაციაში რიცხობრივ მაჩვენებელზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა განმარტავენ, რომ შიდა ტურიზმის გახსნამდე არსებული შიშები ზაფხულის სეზონის ამოქმედებიდანვე სრულიად მოიხსნა, რადგან მომხმარებელთა აქტივობა მაღალი იყო.

„სასტუმრო, გახსნის დღიდანვე, თითქმის სრულად დატვირთული იყო. სეზონი მხოლოდ უსაფრთხოების დაცვის კუთხით იყო განსხვავებული, რაც დამატებითი რეგულაციების დაცვაში გამოიხატებოდა“, - აღნიშნა სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო დატვირთული იყო როგორ ინდივიდუალური ჯავშნებით, ასევე - ბიზნეს ვიზიტებითაც.

„პანდემიის შემდეგ გარკვეული აკრძალვებიდან გამომდინარე, ზაფხულში მხოლოდ ინდივიდუალურ ჯავშნებზე ვმუშაობდით. ღონისძიებებსა და კონფერენციებზე აკრძალვის მოხსნამ კი ბიზნეს-ვიზიტების მიმართულებით ძალიან დიდი აქტიურობა გამოიწვია. ჩვენ ავითვისეთ როგორც სასტუმროში არსებული 5 საკონფერენციო სივრცე, ასევე, გარე ტერიტორიებიც, სადაც შესაძლებელია, ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით საქმიანი შეხვედრების გამართვა“, - ამბობს ნათია სოსიაშვილი.

პანდემიის შემდეგ სასტუმროს ხელმძღვანელობამ განთავსების ღირებულებასაც გადახედა და ადგილობრივ დამსვენებელს გასულ წელთან შედარებით დაბალი ფასები შესთავაზა.

„სასტუმროების გახსნის შემდეგ, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაიხედა ჩვენი საფასო პოლიტიკაც და ფასები დაახლოებით 15%-ით შემცირდა. ამასთან, მომხმარებლების სტიმულირებისთვის გავაკეთეთ სპეციალური შეთავაზებები, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი მოგვცა“, - უთხრა BM.GE-ის ნათია სოსიაშვილმა.

კითხვაზე - რა ზარალი მიადგა სასტუმროს უმოქმედობის პერიოდში, „ამბასადორ კაჭრეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ სასტუმროს მფლობელის სურვილით სასტუმრო საგანგებო პერიოდის განმავლობაში საკარანტინე სივრცისთვის სახელმწიფოს უფასოდ გადაეცა, თუმცა მათ შეძლეს, რომ შეენარჩუნებინათ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები შიდა ტურიზმის ამოქმედებამდე.

„კარანტინის პერიოდში, რა თქმა უნდა, შემოსავლები საერთოდ არ გვიფიქსირდებოდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ ზაფხულის სეზონი იყო საკმაოდ იმედის მომცემი და ვიტოვებთ იმედს, რომ ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულ მდგომარეობას“, - განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები