საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სებ-მა გასულ წელს 31 სავალუტო ჯიხური მათში გამოვლენილი კანონდარღვევების გამო დახურა.
საქართველოში ვალუტის გადაცვლის ლიცენზია სულ 561 კომპანიას აქვს, რომლებიც ჯამში, 732 ლოკაციაზე განთავსებულ პუნქტებს მართავენ.
"2021 წლის განმავლობაში 33 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დარეგისტრირდა, ხოლო 89-ს რეგისტრაცია გაუუქმდა, შესაბამისად, 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობამ 561 შეადგინა, რომლებიც ფილიალებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 732 ლოკაციაზე არიან განთავსებულნი.
89 ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან 58-ს რეგისტრაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა, რაც, ძირითადად, დიდ ქალაქებზე მოდის და პანდემიის გავლენით ტურისტული ნაკადების შემცირებას უკავშირდება. დანარჩენ პუნქტებს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო გაუუქმდა. პანდემიის მიუხედავად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ადგილზე შემოწმება შეუფერხებლად წარიმართა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით დადგენილი სარეგისტრაციო პირობების, მომხმარებელთა სათანადო ინფორმირების კუთხით განსაზღვრული ვალდებულებების და საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი საანგარიშგებო მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით, 2021 წელს 198 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (სათაო/ფილიალი) შემოწმდა", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.