მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა მქონდეს შესაძლებლობა, მაგრამ ჩემი არჩევანია, ჩარტერით არ ვისარგებლო - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

დღეს მთავრობის მაღალჩინოსნებმა განმარტებები გააკეთეს იმის შესახებ, გადაიხადა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტმა პრემიერის ჩარტერულ ვიზიტში თანხა. კითხვას უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომლის თქმითაც, შესაძლოა მას შესაძლებლობა ჰქონდეს იფრინოს ჩარტერით, თუმცა მისი სურვილია არ გამოიყენოს ის. ამასთან, დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხზე უფრო ამომწურავ ინფორმაციას წარადგენს. 

“პრემიერი ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოება. თუმცა, უფრო დეტალურად, მეტ ინფორმაციას მოგაწოდებთ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დარწმუნებული ვარ, მას მეტი ინფორმაცია ექნება. 

მე პირადად არ მისარგებლია და არ შემიკვეთავს ჩარტერული რეისი. შეიძლება შესაძლებლობა მქონდეს, მაგრამ ჩემი არჩევანია, რომ არ ვიფრინო ჩარტერით, ან საჭიროება და სურვილი არ მქონდეს. 

განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ხალხის მიმართ არის პირნათელი და ანგარიშვალდებული. ანგარიშს ჩვენ პირნათლად ვაბარებთ ჩვენს მოსახლეობას,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

დავითაშვილის შემდეგ განმარტება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რევაზ ჯაველიძემ გააკეთა. მისი თქმით, პრემიერსა და შესაბამის უწყებას შორის თვითმფრინავის დაქირავების ხელშეკრულება “სავარაუდოდ უნდა არსებობდეს.”

საქმე ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. საუბარია მიუნხენის მიმართულებით განხორციელებულ ფრენაზე.

მთავრობის სტრატკომის განცხადებით, სამთავრობო თვითმფრინავმა რეისი კომერციული სახით შეასრულა და მის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯები არ გაწეულა.

საუბარია თვითმფრინავ Bombardier Challenger 850-ით [ბორტი 4L-GAA] განხორციელებულ რეისზე. ხომალდი საქართველოს მთავრობის ფრენებისთვის გამოიყენება, ნომინალურად ხომალდი “ჯორჯიან ეარვეისის” ოპერირების ქვეშაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები