მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუახევის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი 5,7 მლნ ვერ დახარჯა - აუდიტი

63e74e617633b
თელარა გელანტია
11.02.23 18:00
886
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შუახევის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტებზე დაყრდნობით, შემოსულობები 2020-2021 წლებში 23,268,929 ლარი იყო, ხოლო გადასახდელები ანუ ხარჯები - 22,511,263 ლარი. როგორ ანგარიშიდან ირკვევა, აუდიტის შედეგად არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. ანგარიშის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. BMG-ზე კი, შეგიძლიათ გაცენოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ გაიცა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - შუახევის მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლებში აუთვისებელი დარჩა 5,670,528 ლარის საბიუჯეტო რესურსი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ხარჯი

საწვავის ხარჯვაში არსებული ხარვეზები - საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას, რის გამოც 2020-2021 წლებში, ჯამში − 95,385 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება; ასევე არ არის დარეგულირებული მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

აქტივების მართვა

აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 46,016,553 ლარის ღირებულების აქტივების და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, ხოლო 32,210,639 ლარის ქონებას საინვენტარო ნომრები არ აქვს მინიჭებული. აღნიშნული გარემოება ზრდის აქტივების დაუცველობასთან დაკავშირებულ რისკებს.

შესყიდვები

მშენებლობა-რეაბილიტაციაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებულმა კონტროლის სისტემამ რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა; არ არის შეფასებული ექსპერტიზის დასკვნაში ასახული კვლევის შედეგების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა; მხოლოდ ხილულ სამუშაოებზე განხორციელებული აზომვების გამო, ვერ მივიღეთ რწმუნება 282,996 ლარის ღირებულების ფარული სამუშაოების ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებაზე.

პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოვლენის და ხელშეკრულების შეწყვეტის ნაკლოვანებები - შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, რიგ შემთხვევაში, არაერთგვაროვანი მიდგომით განახორციელა სახელმწიფო შესყიდვა, გამარჯვებულის გამოვლენა და პრეტენდენტთა დაუსაბუთებელი დისკვალიფიკაცია, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვნად შესრულებისათვის მიმწოდებლებზე არ დაუკისრებია არანაკლებ 84,194 ლარის საჯარიმო სანქცია.

გადაყვანის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, პროგრამების განსახორციელებლად, სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე მიმწოდებელზე გადახდილია გადაყვანის მომსახურების ღირებულება ჯამში 93,299 ლარი.

შრომის ანაზღაურება

შრომის ანაზღაურების ხარვეზები - მუნიციპალიტეტში სრულფასოვნად არ გამოიყენება სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა. ამასთანავე 8 პირი, რომელთა ანაზღაურებამ 2020-2021 წლებში შეადგინა 78,782 ლარი, შეთავსებით, ერთდროულად დასაქმებულია სხვა უწყებაში და მათ მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენება წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება.

შიდა კონტროლი

შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემები სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, აუდიტის სამსახურმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას რვა რეკომენდაცია მისცა.

რეკომენდაცია N1:

ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

რეკომენდაცია N2:

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით, განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალურ რაოდენობას და უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას. ამასთანავე, იმსჯელოს ცალკეული პირების მიერ საწვავის ნაშთის დაგროვების გამომწვევ მიზეზებზე და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, მათ შორის, შესაბამისი თანხების ბიუჯეტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

რეკომენდაცია N3:

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სათანადო აღრიცხვას; აქტივების დაუცველობასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში ჩაატაროს სრული ინვენტარიზაცია.

რეკომენდაცია N4:

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე ეფექტიან ზედამხედველობას, ხარვეზების დროულად გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას. ამასთანავე, სათანადო დასაბუთების გარეშე გაწეული ფარული სამუშაოების ხარჯებთან დაკავშირებით გაატაროს სათანადო ღონისძიებები.

რეკომენდაცია N5:

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პრეტენდენტების მიმართ სამართლიან და ერთგვაროვან მიდგომას. ამასთანავე, განიხილოს არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და ხელშეკრულების პირობის დარღვევისათვის მიმწოდებელზე საჯარიმო სანქციების დაუკისრებლობის გამომწვევი მიზეზები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია N6:

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის გაწეული საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას. ამასთანავე, მერიის ხელმძღვანელობამ განიხილოს დაუსაბუთებლად თანხების გადახდის, ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან მიმწოდებლის მიმართ ხელისშემშლელი გარემოების შესაძლო არსებობის გამომწვევი მიზეზები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია N7:

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები და შექმნას ადამიანური რესურსების მართვის ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებას; ამასთან ერთად, შეფასდეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლის მექანიზმების სისუსტეები, შეთავსებით დასაქმებული პირების მიერ სამუშაო დროის სრულფასოვნად გამოყენების რისკები და გატარდეს სათანადო ღონისძიებები.

რეკომენდაცია N8:

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას, ანალიზსა და შეფასებას. ამასთანავე, შიდა აუდიტის სამსახურმა აუდიტის თემების შერჩევის დროს მაქსიმალური ყურადღება გაამახვილოს მაღალი რისკის შემცველი საკითხების შესწავლაზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების ეფექტიან მონიტორინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები