საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ Galt&Taggart-ის ღონისძიებაზე, სადაც ტურიზმის გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს, განაცხადა, რომ ქუთაისის აეროპორტი მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტებისა და მაღალბიუჯეტიანი კომპანიების მიღებისთვის ემზადება.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორი იმასაც ამბობს, რომ მთავარი პრიორიტეტი ახალ ბაზრებზე გასვლაა და მაგალითად, იმერეთის რეგიონისთვის ახალი ბაზრის, აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისის დამატებამ გაამართლა და საჰაერო ხომალდზე დატვირთვა 97%-ია.
„ქუთაისის ნიში დაბალბიუჯეტიანი კომპანიების მოზიდვაა. თუმცა ვითვალისწინებთ რეგიონის განვითარებასაც. აეროპორტი წყალტუბოსთან ახლოს მდებარეობს, ვიმედოვნებთ, ეს მხარე უახლოეს 5 წელიწადში სპა რეზორტებს, რესტორნებს, კაზინოებს, სასტუმროებს გააერთიანებს. ჩვენი აეროპორტი ახალი იერსახით ემზადება მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მისაღებად, სადაც არამხოლოდ დაბალბიუჯეტიანი კომპანიებით ჩამოვლენ, არამედ მაღალიც.
ახალი კომპანიების მოზიდვასა და ბაზრებზე გასვლაზე ვმუშაობთ. ახალი ბაზარი, რაც წელს იმერეთის რეგიონისთვის გაჩნდა, ეს იყო პირდაპირი რეისი აბუ-დაბიდან. გაამართლა, საჰაერო ხომალდზე 97%-ია დატვირთვა. კარგია ისიც, რომ უკვე ქუთაისში დიდი ოდენობის ტურისტი ჩერდება. 2015 წელს თუ ტურისტი ჩამოდიოდა და მიდიოდა ეგრევე თბილისში ან ბათუმში, ახლა უკვე რჩება რეგიონში“, - განმარტავს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი.