მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის ნაწილი, შესაძლოა, 2022 წლის ბოლოს გაიხსნას

61a51f2487bc5
ანუკა ჯოხაძე
30.11.21 00:00
5370
2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც ზოოპარკის ინფრასტრუქტურის გადატანა უნდა მომხდარიყო. 2017 წელს ამ ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მოწყობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა ამ დრომდე პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა, რასაც ზოოპარკის ადმინისტრაციაში ფინანსების სიმწირით ხსნიან.

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ზღვაზე ახალი მასშტაბური ზოოპარკის პროექტის განხორციელებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მისი თქმით, შესაბამისი ფინანსების არქონის გამო პროექტი გაჭიანურდა.

მისი განმარტებით, პროექტში კერძო ინვესტორის ჩართვის არაერთი მცდელობა იყო, თუმცა კერძო სექტორი არ დაინტერესდა. შესაბამისად, მისი თქმით, ის, რაც დღეს თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზეა მოწყობილი, სრულად თბილისის ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

გურიელიძე იმასაც ამბობს, რომ თბილისის ზღვაზე არსებული ზოოპარკის ნაწილის მოწყობა წესით მომავალი წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, მისი თქმით, ახალი ზოოპარკის ამ ნაწილის გახსნაც სწორედ ამ დროსაა დაგეგმილი.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვოლიერის - აფრიკული სავანას მშენებლობა. ეს არის ექსპოზიცია, სადაც აფრიკული ცხოველები იქნებიან მოთავსებული. ეს ცოტა დიდი კომპოზიციაა, აქ არის ხელოვნური ტბა წყლის ძუძუმწოვრებისთვის. მაგალითად ბეჰემოთისთვის და კიდევ სხვა ცხოველებისთვის. მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, გახსნაც ასევე ეტაპობრივად მოხდება. ვფიქრობთ, აფრიკის სავანეს ვოლიერს რომ დავასრულებთ, ცხოველებს ჩამოვიყვანთ და იმედი გვაქვს, რომ მცირე ინფრასტრუქტურასაც მოვაწყობთ მომავალ წელს, ვგულისხმობ სველ წერტილებს და კვების ობიექტს, რის შემდეგაც მომავალი წლის ბოლოს ზოოპარკის პირველი ეტაპის გახსნაც იქნება შესაძლებელი", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

ცნობისთვის, თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტის ღირებულება დაახლოებით 45 მლნ დოლარია და ის რამდენიმე ქვეპროექტადაა დაყოფილი, რომელიც სხვადასხვა ცხოველებისთვის საჭირო სამყოფელის მოწყობისთვის ტენდერების გამოცხადებით სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები