თემქის ხევის პარკი ნაცვლად დეკემბრისა, მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება, - ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ bm.ge-ს შესაბამის კითხვას.
ბასილაიას განმარტებით, თემქის ხევის მოწყობის პროცესში პრობლემები შეიქმნა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით.
„მოგეხსენებათ, რომ ირგვლივ არცერთ კვარტალს არ აქვს მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა, რის გამოც, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარკთან ერთად მოვაწესრიგოთ ეს სისტემებიც. სისტემა უკვე ეწყობა პარალელურ რეჟიმში და ამან გამოიწვია ინფრასტრუქტურის სამუშოების დასრულების სამი თვით გადაწევა. პარკის რეაბილიტაცია მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულება. გაზაფხულზე ასევე ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება რგვები და მივიღებთ უკვე სრულად რეაბილიტირებულ პარკს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ინფორმაციისთვის: თბილისის მერიის ცნობით, თემქის ხევის ტერიტორიაზე იგეგმება 2 ხელოვნური ტბის მოწყობა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს, ასევე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის დასრულება 2022 წლის დეკემბერში იგეგმებოდა.