მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება - გურჩიანი

6351a65fab820
ვიქტორია მღებრიშვილი
21.10.22 00:05
909
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება - ასეთია საქართველოში Toyota-ს ოფიციალური დილერის "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებლის ირაკლი გურჩიანის მოლოდინი მიმდინარე წლის გაყიდვებთან დაკავშირებით. საკითხზე საავტომობილო ბიზნესის ხელმძღვანელმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

ირაკლი გურჩიანის შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, მოსახლეობის შემსყიდველუნარიანობა გაიზარდა, შესაბამისად, ეს ავტომობილების გაყიდვებზე დადებითად აისახა.

"შევარდნაძის დროს ეკონომიკა საერთოდ არ გვქონდა და დღეს ნელ-ნელა ვიზრდებით და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდასაც ამით ვხსნი. რომ არა ჩინეთსა და ტაილანდში ნახევარგამტარების ქარხნების დაწვა და აქედან გამომდინარე, მსოფლიო ავტოინდუსტრიაში არსებული პრობლემები, რაც საქართველოში "ტოიოტა ცენტრი თბილისის" ზრდა მაღალი იქნებოდა. თუმცა ამ პირობებში, ნახევრგამტარების დეფიციტის გამო არამხოლოდ ტოიოტას, არამედ სხვა ავტომწარმოებლებსაც მომხმარებელთა 4-5-წლიანი რიგები აქვთ. ჩვენ ასე არ ვართ, მაგრამ 4-5-თვიანი რიგები ჩვენც გვაქვს. ტოიოტას ქარხანა 30-40%-ის დატვირთვით მუშაობს და ეს რაოდენობა მსოფლიოს ბაზარს, მათ შორის ჩვენც გვაკლდება, თუმცა საქართველო კიდევ პატარა ქვეყანაა და ამას ნაკლებად ვგრძნობთ. ვერ ვიტყვით იმას, რომ რომელიმე მანქანა თავისუფალ გაყიდვაშია", -ამბობს გურჩიანი.

ნახევარგამტარების გამოწვევის გამო „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვები პანდემიამდე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 40%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ წელს მაღალი მოთხოვნის პირობებში მათი გაყიდვები გაიზრდება.

წელს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება, რადგან მანქანების რაოდენობა შეზღუდულია. ეს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არ ყოფილა. წლის განმავლობაში დაახლოებით 1 500-მდე მანქანის გაყიდვას ვგეგმავდით, თუმცა ახლა 700-800 მანქანაზე თუ ავედით, კარგი იქნება. მყიდველი ბევრია, თუმცა მანქანები არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ძალიან მდიდარი არ არის, აქ მყიდველი იმდენია, რომ მათ არამხოლოდ ტოიოტასი, არამედ ყველა სხვა მწარმოებლის ახალი ავტომობილების რაოდენობების ათვისება შეუძლიათ", - განმარტა "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელმა.

ირაკლი გურჩიანი იმასაც აღნიშნავს, რომ გაყიდვების დაახლოებით 10% მიგრანტებზე მოდის, რაც დიდი მაჩვენებელი არ არის.

კითხვაზე - რა ტიპის ავტომობილებზეა დღეს მოთხოვნა, საავტომობილო ბიზნესის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დღეს მომხმარებელი უპირატესობას ეკონომიურ მოდელებს ანიჭებს.

"საქართველო ყოველთვის იყო ტოპ-ჯიპების ქვეყანა, მაგრამ ამ ბოლო დროს, მას შემდეგ რაც ჰიბრიდები და მცირე ზომის მანქანები შემოვიდა, იქიდან გამომდინარე რომ დედაქალაქში მოძრაობა გართულდა, მოთხოვნა უფრო მცირე ზომის მანქანებსა და ჰიბრიდებზე წამოვიდა. ამგვარად მოსახლეობა საწვავის ხარჯების შემცირებას ცდილობს. შესაბამისად, დღეს ძალიან პოპულარულია RAV-4-ის ავტომობილები ჰიბრიდული ძრავით", - აღნიშნა ირაკლი გურჩიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები