მიწისძვრების შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 8,400-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი კი 30,000-ს აღწევს. სამაშველო სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს, 400,000-მდე მოქალაქე კი მიწისძვრის ეპიცენტრიდან ევაკუირებულია.
შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრემ 7.8 და 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.
მოსახლეობის ნაწილმა, რომელთაც სახლები დაენგრათ, ღამე ქუჩაში გაათენეს. სტიქიის ზონებში მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ათასობით მოხალისე სამაშველო ჯგუფებს უერთდება, რის გამოც სტიქიის ზონებთან საცობებია. მხოლოდ სტამბოლიდან 13 000 მაშველი და მოხალისე გაგზავნეს.
მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თურქეთში მაშველებს და დახმარებას გზავნის, მათ შორის არიან იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, აშშ, ისრაელი და ევროკავშირის ქვეყნები.
დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფი საქართველომაც გაგზავნა.
თურქეთის პრეზიდენტმა შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.