მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ჩინურ ელექტრომობილებზე ბაჟი გაიზარდა, მიზეზი - ადგილობრივი წარმოების წახალისებაა

64102d2823c20
გიორგი არონია
14.03.23 23:00
810

ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად, თურქეთმა ჩინურ ელექტრომობილებზე ბაჟი დამატებით 40%-ით გაზარდა, - ეს გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც Bloomberg-ი წერს, თურქეთის საკანონმდებლო მაცნეში უკვე ასახულია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ელექტრომობილების პირველ თურქულ ბრენდს, Togg-ს უკავშირდება. კომპანიის მიერ წარმოებული პირველი ელექტრომობილის პრეზენტაცია გასული წლის ოქტომბერში შედგა და მოსალოდნელია, რომ ბაზარზე ის მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გამოჩნდება.

ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილის შექმნა თურქეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტია, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაისში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. ამ პროექტის პრიორიტეტულობას სხვადასხვა სამთავრობო დახმარებაც უსვამს ხაზს, მათ შორის საგადასახადო შეღავათები, სიმბოლურ თანხად გადაცემული მიწის ნაკვეთები, დაბალი საპროცენტო განაკვეთი და მთავრობის მიერ ოცდაათი ათასი ერთეული ავტომობილის წინასწარ დაანონსებული შესყიდვა.

პირველი თურქული ბრენდის ელექტრომობილების დიზაინზე იტალიურმა Pininpharina-მ იმუშავა, ხოლო თავად ავტომობილის ნაწილების უმეტესობა ადგილობრივი წარმოების იქნება. თავის დროზე, Togg-მა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ერთი მილიონი ერთეული ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რითაც, შემდეგი თხუთმეტი წლის განმავლობაში, თურქეთის ეკონომიკას $50 მილიარდის მოცულობის სარგებელს მოუტანს.

გასულ წლის განმავლობაში, თურქეთში ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა და 7733 ერთეული შეადგინა, მაგრამ ამის მიუხედავად, ელექტრომობილებზე ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 1%-ზე ნაკლები მოდის. თურქეთის შემთხვევაში, ელექტრომობილებზე მზარდ მოთხოვნას, უმეტესწილად, მათ მიმართ დაწესებული მსუბუქი საგადასახადო პოლიტიკა განაპირობებს. თურქეთის ბაზრის პოტენციალზე მიუთითებს ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ, თურქეთის ბაზარზე შესვლა ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა გიგანტმა, BYD-მ დააანონსა, რისთვისაც ერთ-ერთ დისტრიბუტორ კომპანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმსაც მოაწერა ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები