მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა საპენსიო ფონდის შექმნას გეგმავს

63b679bfe0af7
ვიქტორია მღებრიშვილი
05.01.23 11:26
788
უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი 2023 წელს სავალდებულო საპენსიო ფონდის ამოქმედება იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა.

„მრავალი წელია უკრაინას საპენსიო ფონდის შევსების პრობლემა აქვს. შრომისუნარიანი მოსახლეობა სულ უფრო მცირდება, პენსიონერების რიცხვი კი იმატებს. ომმა კრიტიკული მდგომარეობა შექმნა“, - განაცხადა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რეფორმა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა შრომისუნარიან უკრაინელს თავისი საპენსიო დანაზოგის ანგარიში ექნება.

„ამ ფონდში თანხები სამი წყაროდან - დამსაქმებლების წილი, სახელმწიფო შენატანი დამსაქმებელთან პარიტეტის საფუძველზე და მოქალაქეთა ნებაყოფლობით შენატანებიდან შეივსება. ამგვარად ჩვენ განვახორციელებთ თითოეული უკრაინელის ღირსეულ შემწეობას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნია, რომ რეფორმა არ შეეხება მათ, ვინც უკვე იღებს პენსიას. იმისთვის რომ მეორე პენსია მიიღონ, აუცილებელია, რომ მათ ეს თანხა დამოუკიდებლად დააგროვონ.

Unian-ის ცნობით, უკრაინაში დაგროვებითი საპენსიო ფონდის დანერგვა ქვეყანაში 2021 წელს იგეგმებოდა. მაშინ პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ საპენსიო დანაზოგების სისტემის ამოქმედება ქვეყანას უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში 50 მლრდ დოლარის მოცულობის საინვესტიციო რესურსის მოზიდვას გახდიდა შესაძლებელს.

2021 წლის ივლისში მთავრობამ ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟის ეროვნული კომისია დაამტკიცა, როგორც სალიცენზიო ორგანო დაგროვებით საპენსიო სისტემაში. 2022 წლის სექტემბერში კი შმიჰალმა განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, უკრაინაში დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის შესახებ კანონმდებლობა უახლოეს მომავალში იქნებოდა მიღებული.

ამასთან, 2022 წლის ნოემბერში უკრაინის უმაღლესმა რადამ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების შესახებ კანონპროექტის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები