საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პარლამენტს მოუწოდებს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შეფასება და დეოლიგარქიზაციის კანონპროეტს მხარი არ დაუჭიროს.
“ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იქნას მიღებული მოცემული რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას, უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ”,-წერია ევროკავშირის განცხადებაში.
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა 12 ივნისს გამოაქვეყნა. ორგანიზაციის საბოლოო დასკვნა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნეგატიურია. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსგავსი კანონმდებლობა შესაძლოა, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების შეზღუდვისთვის იყოს გამოყენებული. ამასთან, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ოლიგარქების გავლენის შემცირებისთვის საუკეთესო თავად ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ქონაა.
ვრცლად ამ თემაზე ნახეთ აქ: „კანონპროექტი ოლიგარქიზაციის დაძლევისთვის არაეფექტიანია“ - ვენეციის კომისიის დასკვნა საჯაროა
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო.