მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კომისია “ოლიგარქის” სტატუსის სელექციურად მინიჭების რისკებს ხედავს

641098c3b4f21
შოთა ტყეშელაშვილი
14.03.23 19:57
1005
ვენეციის კომისიამ დღეს საქართველოს მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოაქვეყნა. კომისიის შეფასებით, არსებობს რისკი, რომ პირებს ოლიგარქის სტატუსი სელექციურად, ანუ ხელისუფლების პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე მიენიჭოთ.

“კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს რისკი კანონის სელექტიური გამოყენებისა. უფრო კონკრეტულად კი რისკი, რომ საქართველოს მთავრობამ შესაძლოა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ძალაუფლებები და მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ოლიგარქის სტატუსი მიანიჭოს, შესაბამისად მათ წაართვას შესაძლებლობა დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები, ასევე დააფინანსონ სხვადასხვა პარტიებისა და კანდიდატების მიერ გამართული აქციები,”- წერს ვენეციის კომისია.

ისტორიული კონტექსტის მიმოხილვისას ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში ოლიგარქიზაციის პრობლემა დაკავშირებულია აღმასრულებელი ხელისუფლების ძალების ნაკლებობასთან, სხვადასხვა სფეროებში არსებულ დიდ გავლენებთან, პოლიტიკური ძალაუფლების სახელისუფლებო მანდატის გარეშე აღსრულებასთან, მედიაზე არსებულ კონტროლთან და სხვა ფაქტორებთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი შეფასებისთვის 2022 წლის 1 დეკემბერს გაუგზავნა.

კანონპროექტის მიხედვით, პირი ოლიგარქის სტატუსს მიიღებს თუკი შემდეგი კრიტერიუმებიდან, სამს მაინც აკმაყოფილებს:

1. ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე 3 მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს, ამ კანონის მიზნებისთვის მიიჩნევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად):

ა) ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) ის არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000,000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. (საარსებო მინიმუმი დღეს 247 ლარი. 247 X 1,000,000 = 247,000,000 ლარი)

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული აქტივების ღირებულება გამოითვლება იმ პირისა და იმ მეწარმე სუბიექტების აქტივების საერთო ღირებულებით, სადაც ის ბენეფიციარია. ის აქტივები, რომელთაც პირი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფლობს, ზემოაღნიშნული აქტივების ღირებულების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება.

რა შედეგები დგება პირის ოლიგარქად გამოცხადების შემთხვევაში?

კანონპროექტით საქართველოს პარლამენტს ენიჭება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების უფლებამოსილება. ამ უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები დაიფარება საქართველოს პარლამენტის საქმიანობისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შეიტანება, ეზღუდება გარკვეული ფინანსური აქტივობები; კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, პირს, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა აქვს (ოლიგარქი) და შეყვანილია შესაბამის რეესტრში, "ეკრძალება: ა) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისადპოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისადკანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება; ბ) ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); გ) ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი სათანადო გავლენას იქონიებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობილი პირის ფინანსურ აქტივობებსა და ამ აქტივობებით მოსარგებლე პირთა, მათ შორის, შესაბამის პოლიტიკურ პარტიათა, შემოსავლებზე. კანონპროექტის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კონტაქტების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა პირისთვის პოლიტიკური ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია; რეესტრში შეყვანილი პირის/მისი წარმომადგენლის მიერ შეტყობინების ვალდებულების დარღვევა არ ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეს კონტაქტების დეკლარაციის წარუდგენლობის გამო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის ამ ნორმამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მოცემულპირთა შემოსავლებზე, რაც აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმებსა და ფარგლებზე იქნება დამოკიდებული,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები