პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად გასულ წელსაც მზად იყო და ახლა საქმე იმაშია, კიდევ დაიჩაგრება თუ არა საქართველო. ამის შესახებ მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - საქართველო უნდა იყოს იგივე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა. თუ დღეს მათ აქვთ კანდიდატის სტატუსი, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს, თუკი მათთან გაიხსნება მოლაპარაკება, საქართველოსთანაც უნდა გაიხსნას. ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება, დაფუძნებული ობიექტურ სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაზე, რომელიც თავად კომისიამ წელს წარმოადგინა.
უსამართლო გადაწყვეტილების შესაძლებლობა არსებობს, შარშან ივნისში ეს ვნახეთ, როცა შარშან, ივნისში, როცა სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა და სამეულის უკან მყოფი ქვეყნებს მიეცათ სტატუსი. ვნახოთ, მე იმედი მაქვს, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც არის იგივე დონეზე დაყენება საქართველოსი, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა. სხვა მხრივ შეიძლება ვისაუბროთ რა დონის იქნება უსამართლო გადაწყვეტილება. რაც შეეხება საქართველოს, რეკომენდაციებთან დაკავშირებით პროგრესი ვნახეთ, ასევე გვაქვს კომუნიკაცია ევროკომისიასთან, რეკომენდაციების დარჩენილ ნაწილზე.
მე იმედი მაქვს, რომ ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია და ევროპულ საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი მოლოდინი, რომელიც უნდა გვქონდეს. არ შეიძლება საწუწუნოდ გაუხადონ ქართველ ხალხს, რომელიც ლიდერი არის, სამ ქვეყანას შორის, არ შეიძლება ასეთი უსამართლობა, რომ საწუწუნოდ გაუხადონ კანდიდატის სტატუსი, რომელიც თავისი არსით არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ შინაარსობრივად არ არის ის, რაც საბოლოოდ გვინდა მოლაპარაკების დაწყებას და წევრობას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.