მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან მთავრობის პარტნიორები ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის პროცესში - მთავრობის პასუხი

ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით,  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში ჩართულია რამდენიმე  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, ასევე შექმნილია უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია, რომლის გადაწყვეტილებით, შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა და ისინი გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. ლევან დავითაშვილის თქმით, საუბარია ჩინურ-სინაპურულ კონსორციუმსა და შვეიცარულ-ლუქსემბურგულ კომპანიებზე, რომელთაც მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამარჯვებულს გამოავლენს. 
 
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შესარჩევი პროცესი განსაზღვრულია კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ საქართველოს ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
„2022 წელს გავწიეთ მნიშვნელოვანი სამუშაოები კვლევების გასაახლებლად, რადგან რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და აქედან გამომდინარე, დაზუსტდა ბევრი მონაცემი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ყოფილიყო სანდო პოტენციური პარტნიორებისთვის. გვყავდა მოწვეული ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია  Maritime & Transport Bussiness Solutions (MTBS), ასევე პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის ტექნიკური კონსულტანტი - კომპანია PORT consultance Rotrerdam BV (PCR) და ასევე ძალიან ცნობილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია Squire Patton Boggs).  ამ სამ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 
მისივე ინფორმაციით, განაცხადი სულ ოთხმა კომპანიამ წარადგინა, რომელთაგან ერთი ჩინური ჯგუფი, ხოლო მეორე ისრაელში რეგისტრირებული კომპანია იყო. მათ დამატებით მიეცათ ერთი თვე და საბოლოოდ, უწყებათაშორისმა კომისიამ, საკონსულტაციო კომპანიების რჩევების გათვალისწინებით, შემდეგი ეტაპისთვის შეარჩია ორი პრეტენდენტი - შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
 
„შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომლებთანაც რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები - ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობასა და ხარისხზეა დამოკიდებული, საბოლოოდ ვინ იქნება კერძო პარტნიორი“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
 
საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებს ინვესტორს, რომელიც ასობით მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას თავად განახორციელებს და პორტში მხოლოდ 49%-იან მფლობელობას დასჯერდება. 
მთავრობის ინფორმაციითვე, პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $589 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები