მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხაში 26-27 აგვისტოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "დასავლეთის ქარი" გაიმართება

62f48aaf714d7
დიმა კვარაცხელია
11.08.22 11:17
1984
წალენჯიხა ელექტრონული მუსიკის ფესტივალს "დასავლეთის ქარი" უმასპინძლებს. ღონისძიების მხარდამჭერები Pluto's Plan და Vodkast Records-ი არიან.

როგორც BM.GE-ს ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ჭანტურიამ განუცხადა, ღონისძიება 26 და 27 აგვისტოს კურორტ "სქურში" გაიმართება. მისივე ცნობით, ღონისძიებაზე 28 შემსრულებელი წარსდგება, აქედან 2 დიჯეი სპეციალური მოწვევით გერმანიიდან.

„ვფიქრობთ, საინტერესო ღონისძიება იქნება, ველოდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 1 000-დან 1 500-მდე სტუმარს. საორგანიზაციო ნაწილში დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. ლოკაციად „სქური’’ კურორტის პოპულარიზაციის მიზნით ავარჩიეთ, ასევე იმისთვის, რათა წალენჯიხაში მცხოვრებ ახალგაზრდებს გართობის საშუალება ჰქონდეთ, რადგან მათთვის ასეთი ფესტივალები ადგილზე ხშირად არ ტარდება“, - აცხადებს ლევან ჭანტურია.

მისივე ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა TKT.GE- ზე უკვე დაწყებულია და მისი ფასი 50 ლარია, ხოლო შესვლისას ბილეთის ღირებულება 80 ლარი იქნება. ფესტივალზე მხოლოდ 18+ ასაკის მოქალაქეები დაიშვებიან.


რატომ არის ფესტივალი მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტისთვის ? - ადგილობრივი მთავრობის პოზიცია

ადგილობრივი მთავრობა ელექტრონული ფესტივალის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ორგანიზატორებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

კერძოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის თამარ ბელქანიას განცხადებით, ღონისძიება მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას და წალენჯიხის მიმართ ვიზიტორების დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, ფესტივალი ადგილობრივ ბიზნესს განვითარების და რთული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„რაც ყველაზე მთავარია საოჯახო ტიპის სასტუმროებს შესაძლებლობა ექნებათ ორი დღის განმავლობაში მიიღონ დამსვენებელი. ადგილობრივ ხელისუფლება ჩართულია პროცესში და ორგანიზატორებთან ერთად დაწყებულია სასტუმროების მოძიება. უნდა ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფესტივალს აქვთ ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია. ორგანიზატორებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ანაკლიაში "ლისი აილენდს" ორგანიზებაში მონაწილეობდნენ. ფესტივალის დაგეგმვაში დღეს ქვეყანაში ელექტრონული მუსიკის მიმართულებით წამყვანი პირები არიან ჩართულნი“, - აცხადებს თამარ ბელქანია.

მისივე ცნობით, პროცესში ჩართულია 112-ის სამსახური და ღონისძიების დღეს უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებული იქნება.

„ჩვენი გუნდისთვის ახალგაზრდული მიმართულება ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ ამ ფესტივალს მხარს განსაკუთრებით ვუჭერთ. აგვისტოს ბოლოს წალენჯიხას საინტერესო დღეები ელოდება“, - თქვა თამარ ბელქანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები