როგორც ბურდული განმარტავს, 12 ტენდერი, რაზეც დავით ტაბიძე საუბრობს, წინა მერის პერიოდშია გამოცხადებული. მათგან 9 განხორციელებულია, ხოლო სამი ტენდერი ჩავარდა და მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხელახლა გამოცხადა განაცხადების მიღება.
"წალენჯიხაში ხორციელდება ბევრი კარგი პროექტი, საზოგადოება ამას ნათლად ხედავს. ცენტრალური ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს, ეს მიუღებელია და მათთვის უფრო მისაღებია ჩვენი დისკრედიტაცია, ვიდრე ხალხზე ზრუნვის დადასტურების გარკვეული ფაქტები. რაც შეეხება ტაბატაძის განცხადებას: მინდა აღვნიშნო, რომ 12-ვე ტენდერი, არის გამოცხადებული წინა მერის პერიოდში. ცხრა არის განხორციელებული, ხოლო სამი ჩავარდა და ხელახლა გამოვაცხადეთ. ანუ მათ მიერ შერჩეული შემსრულებლები, როგორც ჩანს ვერ აღმოჩნდნენ სრულყოფილები და ვერ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება. შესაბამისად, იძულებულნი გავხდით სამი მათგანისთვის შეგვეწყვიტა ხელშეკრულება და ხელახლა გამოგვეცხადებინა ტენდერები. დღეს, უკვე ორი მათგანი დაკონტრაკტებულია და მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო დარჩენილ ერთზე შემდეგ კვირას ახალი ტენდერი გამოცხადდება”, - განაცხადა ივანე ბურდულმა.
ამას გარდა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ტიპის კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა, უფრო მეტიც, ივანე ბურდულის თქმით, ცენტრალური ხელისუფლებიდან წალენჯიხაში ამ დრომდე არც ერთი მაღალჩინოსანი არ ჩამოსულა.
"დაასახელონ თარიღი და ვითარება, როდის ჩამოვიდნენ, ვის მიაკითხეს, სად მოვიდნენ, შენობაში როდის იმყოფებოდნენ და მე როდის დამირეკეს, ან გია ხარჩილავას?! არანაირი მსგავსი კომუნიკაცია არ შემდგარა, ერთი ზარიც არ განხორციელებულა და თუ აინტერესებთ, როგორ და რა ხორციელდება წალენჯიხაში, ჩამობრძანდნენ და ნახონ ადგილზე”, - აცხადებს ბურდული.
გუშინ პარლამენტის რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ დავით ტაბიძეს ჰკითხა, „განახლებული რეგიონის" პროგრამაში წალენჯიხა ჩართული რატომ არ არის და აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს ფინანსებზე წვდომის პრობლემა.
ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან 12 კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა ნაწილზე ტენდერები შეწყდა, ნაწილზე კი არც გამოცხადებულა. როგორც დავით ტაბიძემ განაცხადა, ტენდერების შეწყვეტის მიზეზს წალენჯიხის მერია არ განმარტავს.
„შევეცადეთ, ყველას მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა ყოფილიყო. სამწუხაროდ, წალენჯიხა არის ის ადგილი, სადაც ჩავედით თუ დავრეკეთ, არაფერი გამოვიდა. თანამშრომლობა გვინდოდა და არ გამოგვივიდა. შემთხვევა გვქონდა, როცა მერი ადგილზე საერთოდ არ დაგვხვდა",-განაცხადა მან.